გრიგოლ გეგელია 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში გვაქვს არა მართლმსაჯულება, არამედ შუასაუკუნეობრივი, სანახაობრივი, რიტუალური დასჯის ცერემონიები იმისთვის, რომ ივანიშვილმა გაიხაროს

4 ოქტომბრის საქმე აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში არის არა მართლმსაჯულება, არამედ შუასაუკუნეობრივი, სანახაობრივი, რიტუალური დასჯის ცერემონიები იმისთვის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიხაროს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გრიგოლ გეგელიამ განმარტა, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები “უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულებაა”.

“რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ამას ვაფასებ, როგორც არის უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულებას, რამაც განაპირობა ის, რომ სწორი, რაციონალური ბრძოლის ფორმების ნაცვლად, ათობით ადამიანი საპატიმროშია განწესებული. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური უმწიფრობის და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულება იმ პირთა მხრიდან, ვინც ადამიანები ამ გზით წაიყვანა მაშინ, როდესაც იმავე დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან ჭკვიანური რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. ისეთი რამის, რაც რეჟიმს დაასუსტებდა, მას წაართმევდა მილიარდობით დაფინანსებას. რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ახლა მაინც დავფიქრდეთ, რა სჯობდა, ყველას სწორი ბრძოლა ერთად თუ ის სამწუხარო მომენტი, რაც ვნახეთ და რის შედეგადაც ადამიანები სამართლდებიან. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ძალიან დიდი გამოხატულება“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მან ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაჩქარებაც შეაფასა. გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული და გაწბილებულია“.

„საქმის დაჩქარება მოწმობს იმას, რომ ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული და გაწბილებულია. მას კვებავდნენ მითებით, რომ აშშ-თან, ევროპულ კავშირთან სტაბილიზაცია მოხდებოდა. სტაბილიზაციაში „ქოცი“ გულისხმობს იმას, რომ ბიძინა არ დასანქცირდეს. „ქოცისთვის“ სტაბილიზაცია არის, რომ ბატონი ბიძინა იყოს კარგ ხასიათზე. ის კარგ ხასიათზე არ არის, რადგან ჩვენ ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სამი ვიზიტი, თითქოს გარკვეული ტიპის დინამიკა იყო, მაგრამ 2 დღის თავზე ყველაფერი უკან წავიდა. გამოვიდა კობახიძე და თქვა, „რუბიო თითს ნუ გვიქნევსო“. რატომ? იმიტომ, რომ „ქოცურ“ ფასად ვერ დალაგდნენ.

ზოგადად, ივანიშვილს უცნაური ხასიათი აქვს. ამიტომ, არც ის გამიკვირდება [ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამამტყუნებელმა განაჩენმა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხეში გაშვებამ], ის კარგ ხასიათზე დააყენოს იმიტომ, რომ ის პოლიტიკოსი, რაციონალურად მოქმედი პირი არ არის, აფექტების კაცია. ამიტომ, ასე მგონია, რომ ამით დიდ სიამოვნებას მიიღებს. მაღალი ალბათობით, დაპატიმრებებით და შემდგომ ესკალაციით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის საკუთარ თავს გახდის უფრო მიმზიდველს, რადგან მას აქვს ღრმა და ფუნდამენტური კომპლექსები. ამდენი მილიარდი აქვს და მუდმივად დაუცველია. მუდმივად აქვს განცდა, რომ ებრძვიან და რომ ვიღაცას რაღაც უნდა დაუმტკიცოს. მაგ, ფიქრობს, რომ კელი დეგნანი იყო ჩართული „კრედიტ სუისის“ ამბავში. დაუცველობის განცდა აქვს. მილიარდები ვერ დაგიცავს, შინაგანად დაცული თუ არ ხარ. ვფიქრობ, ახლა მას აქვს განცდა, რომ აშშ-მა ის საკმარის კაცად არ მიიჩნია და ფიქრობს: „ახლა გაჩვენებთ თუ არ ვართ მაგარი კაციო, ცხრავე ადამიანს ციხეში ჩავსვამ და მერე მელაპარაკეთო“. ჩემი აზრით, ახლა არის ამ მენტალობაში. სინამდვილეში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია“, -განაცხადა გეგელიამ.

ის ფიქრობს, რომ „ქოცებს“ წარმოდგენა არა აქვთ, რას აკეთებენ და ასრულებენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს უნდა“. როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ეს რეჟიმი აუცილებლად დამთავრდება. მისი შეფასებით, დღეს ხელისუფლებაში წვრილმანი ხულიგნები არიან.

„სინამდვილეში, ისინი არიან წვრილმანი ხულიგნები, რომლებიც ძალაუფლებაში უბრალოდ მოხვდნენ იმიტომ, რომ მისმა წინამორბედმა ყველაფერი დააშავა იმისთვის, რომ რუსეთის დაზვერვას გამოეყენებინა შანსი და მოეყვანა თავისი კაცი, რომელიც მაშინვე ჩანდა, ვისი კაცი იყო. ახლა ძალიან გამოჩნდა, რადგან მოვიდნენ და ძალისმიერი მეთოდებით დარჩნენ. მითი იქმნება, ბიძინა ივანიშვილი როგორი ყოვლისმცოდნეაო, არაფერი მსგავსი. მარტივი კითხვა მაქვს, კაცი რით განისჯება? ვინ ჰყავს გვერდით. ივანიშვილმა ვინ მოიყვანა? ყველა ციხეში ჰყავს ქურდობისთვის. ერთი იყო და ბაგა-ბაღებს ძარცვავდა, მეორე ჯარს, მესამე მოხუცებს. ასეთი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მან შესაძლებელი გახადა ეს ხალხი, ახლა რომ პანტა-პუნტით ციხეში უზის. ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ციხეში უზის. ე.ი. ქურდების გარდა ვერაფერს ქმნის. მე დღესაც ვამბობ, რომ ესენიც იგივე არიან და უარესი“,-განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამ საკითხისა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებები შეაფასა. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლება თავს ესხმის ცივილიზებულ მსოფლიოს.

„ისინი თავს ესხმიან მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და თვითონ წერა-კითხვა არ იციან. მათ ნახევარს დიპლომიც არ აქვს და ვისაც აქვს, უმეტესობას ნაყიდი აქვს. პრეზიდენტად ჰყავთ კაცი, რომელმაც ახლაც ვერ გაიგო, რას აკეთებს. გულით მეცოდება ხოლმე. ერთ დღეს დაურეკეს და უთხრეს, პრეზიდენტი უნდა გახდეო და იმის მერე შოკშია, ყბადაღებული დადის. პრემიერად ჰყავთ სრულიად შეურაცხადი პიროვნება, რომელიც შავზე თეთრს გიმტკიცებს და პირიქით. გაგნებაში არ არიან არც მაიკლ ო’ფლაერტის, არც ეკონომიკის, არც ბრიუსელიც, არც ტრამპის. ესენი არ გვიმტკიცებენ უკრაინა ომში გვრთავსო? ახლა რატომ ართმევენ ხელს ზელენსკის, მე ვრთავდი ომში? ახლა ევროპელ ელჩებთან დადის ბოჭორიშვილი და ურთიერთობების ნორმალიზება მინდაო. „ქოცს“ რომ ნორმალური ადამიანი დაუჯერებს და ენდობა, იქ უკვე ადეკვატურობის პრობლემა იკვეთება“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, ალბათ, მაკა ბოჭორიშვილი დიდ სიამოვნებას იღებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ მას არავინ აღიარებს.

“იყო დრო, მაკა ბოჭორიშვილი მიშა სააკაშვილზე გიჟდებოდა. რა უნდა ვთქვა მე ამ ქალზე? ეს არის ადამიანი, რომელიც იმისთვის, რაც დღეს ჰქვია, ყელს გამოჭრიდა ვიღაცას. როგორც ჩანს, დიდ სიამოვნებას იღებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰქვია, მაგრამ ალბათ, სიამოვნებასაც ვერ იღებს იმიტომ, რომ ვინ აღიარებს მის საგარეო საქმეთა მინისტრობას. ტაჯიკეთში და ორბანთან ჩადიოდა, იქაც ვეღარ ჩადის. აქა-იქ თუ ხელი გამოკრა კონფერენციას, მარტო იქ დადის. საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ასე იყოს? ნახევარი მსოფლიო რომ ხელს არ გართმევს, რა საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ?!” - განაცხადა გეგელიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს და პარტნიორებთან ურთიერთობებს აუარესებს.

„მარტო „ქოცს“ შეუძლია იყოს ასეთი თვითდესტრუქციული იდიოტი, რომელიც მუდმივად იმას აკეთებს, რაც მის სახელმწიფოს ვნებს. აბსოლუტურად ყველაფერი ამას მეტყველებს, რომ არცერთი პარტნიორი მხარს არ გვიჭერს. საქართველოსთვის და ქართველებისთვის ვერც ღირებულებითი, გეოპოლიტიკური და ვერც ვერანაირი კუთხით ვერ ჩანაცვლდება რეალურად ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა გეგელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს