ადვოკატი - ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს გეტყვით, მას წინა პროცესზეც უნდოდა მოსვლა და პოზიციის დაფიქსირება - სასამართლომ ის არ გამოიძახა, ციხეში არ გაგზავნა განცხადება, ბრალდებული წარმოადგინეთო

ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს გეტყვით, მას წინა პროცესზეც უნდოდა მოსვლა და მისი პოზიციის დაფიქსირება. ეს პოზიცია ჩვენთვის უცნობი იყო. სასამართლომ ის არ გამოიძახა, ციხეში არ გაგზავნა განცხადება, ბრალდებული წარმოადგინეთო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე რამდენიმე მსჯავრდებულის, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რაც მსჯავრდებულების დამნაშავეობას დაადასტურებდა.

„დავიწყებ მოსამართლის ფრაზით - „დადასტურდა“ - ეს ისეთივე აბსურდია, ახლა რომ გითხრათ, ღამეა და მზე არ ანათებსო. ახლა, რაც შეეხება შეჭრას, რომელსაც აქტიურად ახსენებდა მოსამართლე თავის ე.წ. განმარტებების დროს ვიდრე უშუალოდ გამოაცხადებდა, თუ ვის რამდენი წელი გამოაკლო თავისუფლების. შეჭრა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი, ამ ადამიანებს კონკრეტული განზრახვა ექნებოდათ, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლის აღება. სხვა შემთხვევაში, რომეო ტყეშელაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, როცა ამბობდა, საშვი ჰქონდათ რომ მოდიოდნენო? - ეს დანაშაული არ არის. შესაძლოა, ადამიანმა გაუცნობიერებლად, ან გაცნობიერებულად, მაგრამ ყოველგვარი დანაშაულებრივი მიზნის გარეშე გადააბიჯოს [ზღურბლს], ეს ავტომატურად დანაშაული არ არის, მე როგორ წავუკითხო მოსამართლეს, ან პროკურორებს ლექცია სამართალში და როგორ ავუხსნა ობიექტური და სუბიექტური მხარის აუცილებლობა კონკრეტული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის. ამას არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც კარგად იციან. მტკიცებულებებში, იმ ბრალეულობის დამადასტურებელი, რაც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში გვქონდა, არ არსებობს. არ მეშინია არც მოსამართლის, არც პროკურორის, ნებისმიერი იურისტი მოვიდეს და თითოეული ეტაპი გავიაროთ, ისინი ვერ დაამტკიცებენ იმ ბრალდებას, რასაც გვედავებიან.

ჭავჭანიძესთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს გეტყვით, მას წინა პროცესზეც უნდოდა მოსვლა და მისი პოზიციის დაფიქსირება. ეს პოზიცია ჩვენთვის უცნობი იყო. დღესაც თავად იხილეთ, სასამართლო პროცესზე რა პოზიცია ჰქონდა.

პროცესი როდესაც ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე გადადიოდა, იმ მოტივით გადაიდო, რომ სასამართლოს ზურაბ ჭავჭანიძე უნდა გამოეძახებინა. სასამართლო სხდომა გადაიდო, მოვიდა შემდეგი სასამართლო სხდომის თარიღი და სასამართლო პროცესზე ვიგებთ, რომ აღნიშნული პირი სასამართლომ არ გამოიძახა. ეს წინა კვირას მოხდა. ჩემი სუბიექტური შეფასებაა, ვინაიდან განაჩენები წინასწარ იყო გამოტანილი, მოსამართლეს არ უნდოდა პირველი ეს განაჩენი დაეყენებინა და პირველი სამართლებრივი საყვედური მის მხარეს წასულიყო, მიზეზად დაასახელა, რომ ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე არ იყო გამოცხადებული, გადადო პროცესი, ჯერ სხვა განაჩენი ვიხილეთ და ახლა იგივე, პასკასავით გამოგვიცხო თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში 5-5 წელი. სასამართლომ არ გამოიძახა, სასამართლოს უნდა გამოეძახებინა ეს ადამიანი, რომ მოსულიყო, ციხეში არ გაგზავნა განცხადება, ეს ბრალდებული წარმოადგინეთო “, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს