„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო გუნდმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დააინიცირა.
პარტიის ინფორმაციით, კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია პარლამენტის დეპუტატი სოფიო ხორგუანი.
„დღეს მოქმედი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, იმავე ვალდებულების დარღვევისთვის პირს ჯარიმისგან დამოუკიდებლად საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საურავი.
ამდენად, ერთი ქმედების გამო პირის მიმართ კანონი ითვალისწინებს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანქციას - ჯარიმას და საურავს. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის თანხის გადაუხდელობისთვის გადასახადის გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ საურავი.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საპენსიო ფონდში შესატანი თანხა ბევრად ნაკლებია იმავე დეკლარაციით დეკლარირებული და გადასახდელ საშემოსავლო გადასახადის თანხაზე. საპენსიო შენატანი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მიზერულ თანხას, მაშინ როცა კანონით განსაზღვრული და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია (500 ლარი და იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1,000 ლარი), რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მცირე და საშუალო ბიზნესს.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის მიმართ კანონმდებლის მოთხოვნა ბევრად უფრო ლოიალურია, მიზანშეწონილია, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდეს საპენსიო შენატანის განხორციელების ნაწილზეც და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) შემთხვევაში გამოყენებული იქნეს მხოლოდ საურავი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა ამოღებულ იქნეს საპენსიო ფონდის უფლებამოსილებიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღმოფხვრას კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი ვალდებულების დარღვევისთვის ორი სხვადასხვა სანქციის გამოყენების შესაძლებლობა. დღეს მოქმედი რეგულაციით, სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდს უფლება აქვს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირის მიმართ გამოიყენოს როგორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა, ისე საურავი.
კანონში 2024 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილებები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი:280060000.05.001.102317) მათ შორის მოიცავდა ცვლილებებს, საპენსიო შენატანის განხორციელების წესთან მიმართებით. კერძოდ, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე. შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა მოხდეს დამსაქმებლის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საშემოსავლო დეკლარაციის შედეგად. საგადასახადო კანონმდებლობა საშემოსავლო (და არა მხოლოდ) დეკლარაციით დეკლარირებული გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის ითვალისწინებს მხოლოდ სანქციის ერთი სახის - საურავის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყაროს - გადასახადების გადაუხდელობისთვის კანონმდებელი ითვალისწინებს მხოლოს ერთი სახის სანქციას (საურავს).
ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის, მათ შორის საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე.
ამდენად, ვინაიდან კანონი არეგულირებს სანქციის - საურავის გამოყენების შესაძლებლობას, ამ ნაწილში ცვლილების საჭიროება არ არის. წარმოდგენილი პროექტით უქმდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა.
შესაბამისად, დამსაქმებელმა, თუკი არ უზრუნველყო საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენის შედეგად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით, საპენსიო შენატანების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა დადგენილ ვადაში, ან აღნიშნული ვადის დარღვევით განახორციელა საპენსიო შენატანი, დამსაქმებელს დაეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საურავი, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ შემთხვევაში და წესით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.