კომიტეტზე გორდულაძე პასუხობდა ლევან იოსელიანის ნაცვლად. სახალხო დამცველი არ არის იმ წონის ფიგურა, რომელსაც ვინმეს დაცვა უნდა სჭირდებოდეს. პირიქით, აქეთ უნდა იყოს სხვისი დამცველი - როგორ შეიძლება სახალხო დამცველმა აკადრო საკუთარ თავს, რომ სხვისი დასაცავი გახდე, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშის წარდგენა შეაფასა.
მისი თქმით, ის არ არის იმ დონის სახალხო დამცველი, როგორსაც დღეს საქართველო იმსახურებს.
„სახალხო დამცველი ხალხის თვალში იმედი უნდა იყოს, რომ სადაც საჭიროა, იქ იქნება და გაჩნდება, მაგრამ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც „ოცნების მხრიდან“ არის დასაცავი. კომიტეტზე გორდულაძე პასუხობდა მის ნაცვლად. სახალხო დამცველი არ არის იმ წონის ფიგურა, რომელსაც ვინმეს დაცვა უნდა სჭირდებოდეს. პირიქით, აქეთ უნდა იყოს სხვისი დამცველი. ცდილობს, რომ მისი პოზიციები არ იყოს მწვავე, როგორი მოლოდინიც არის საზოგადოებაში. რადგან ჩვენ ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. როგორ შეიძლება სახალხო დამცველმა აკადრო საკუთარ თავს, რომ სხვისი დასაცავი გახდე.
მისგან ვითხოვთ, რომ ის ყველას სახალხო დამცველი იყოს. ერთ მომენტში თქვა გიორგი გახარიას ადვოკატი კი არ ვარო, მინდა შევახსენო, რომ ის ყველას ადვოკატია, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა ავტოკრატიული რეჟიმია და არაფრად აგდებენ ადამიანის უფლებების დარღვევას. მისი წონის ამბავია. დროული რეაგირება მნიშვნელოვანია, და ადამიანებისთვის იმედის ჩასახვა. დღეს შესაძლოა, ხალხმა არც კი იცოდეს ვინ არის სახალხო დამცველი“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ასევე, პოლიტიკოსმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაგეგმილ წლიური ანგარიშის წარდგენაზეც. მისი თქმით, ირაკლი კობახიძისთვის ეს „იოლი გასეირნება“ არ იქნება.
„ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება კობახიძისთვის, მით უფრო, როდესაც მას ჩვენი გუნდი ელოდება პარლამენტში. მისი ანგარიში, რომ წაიკითხოთ ღიმილის მომგვრელია, თითო წინადადებასა და თითო ფურცელში არის მცდელობა, რომ პასუხისმგებლობას გაერიდოს, რომ თითქოს, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არაფერი მისი პასუხისმგებლობა არ არის.
ფასების თემაც მისი დაწყებულია, პირადად ის იყო ინიციატორი, ამდენი დრო დაკარგა, იწვალა, იშრომა, ვიდეო ჩაწერა, მერე ადმინისტრაციაში შეხვედრები მოაწყო, შემდეგ პარლამენტში კომისია შეაქმნევინა და ამ ყველაფრის ფონზე, ანგარიშში ერთი სიტყვაც არ არის ამაზე ნახსენები. ის იყო ადამიანი, რომელიც დაპირებებს გასცემდა, მაგრამ არათუ ვერ გააიაფა, არამედ იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა - ევროპაში უფრო ძვირია პროდუქტი, თუ საქართველოში. 10-ლარიანი ხორცის ამბავიც ყველამ იცის. ფასების თემა ერთი ნაწილია, ადამიანის უფლებების დარღვევის თემა მეორე ნაწილია.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას პრობლემები დაუგროვდა, „მოსკოვის მექანიზმით“ დაწყებული, ევროკომისიის კრიტიკული დასკვნებით გაგრძელებული, გაფართოებასთან დაკავშირებით; აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერება; ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის გარდა ქვეყნის პრემიერი ვერსად ვერ დადის და ხელს არავინ არ ართმევს, იმ ქვეყნებში, რომლებიც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ არ ჩადის, თორემ ჩვენ ყირგიზეთის საწინააღმდეგო რაიმე არ გვაქვს.
ასევე, იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და „დიფ სთეითის“ ზარის ავტორსაც დაასახელებს. ჩვენ არ მივცემთ მას იმის საშუალებას, რომ მორიგი ტყუილების კორიანტელი მოაწყოს, არაერთ ტყუილში არის ეს ადამიანი შემჩნეული“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისგებაში კიდევ 8 პირის მიცემას, შარაშიძე აცხადებს, რომ იმ ადამიანებთან, საქმეს არ დაიჭერენ, რომლებსაც ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რაიმე წვლილი მიუძღვის.
„ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც რაიმე წვლილი მიუძღვის, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ამ ხალხთან ჩვენ, რა თქმა უნდა, არასდროს საქმეს არ დავიჭერთ. ყველას პასუხისმგებლობაა, ზურაბიშვილის მოწოდება ხომ იყო, რომ ხალხი არჩევნებზე არ წასულიყო. ეს იმდენად დიდი შეცდომა იყო, თუ არა დანაშაული, რომ ამის ავტორებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.
ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არჩევნების გზით მივდიოდით და რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში შესვლის, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პირობები არსებობდა, იყო ერთადერთი პოლიტიკურად პასუხისმგებლობის მქონე ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტნიორობა გამორიცხულია, აბა რა ერთიანი სია, „ნაცების“ გვერდით უნდა მოხვდეს ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი? იქ სადაც „ნაცები“ იქნებიან, იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება.
ჯერ იმ შედეგზე, რომელიც დადგა, ამაზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა და რა სამომავლო გეგმებზეა საუბარი. მათ ადგილობრივი რესურსი დათმეს. „ოცნებას“ საბაბი უნდა და ყოველთვის მოინდომებს და ეცდება, რომ უფრო და უფრო მეტი საბაბი ჰქონდეს ავტორიტარიზმის დამძიმების და ამაზე წარბსაც არ შეიხრის. რასაც „ოცნება“ აკეთებს უსამართლოა, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას, ვინ მიიყვანა საქმე აქამდე?“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.