„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, დღეს ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული სუბიექტის პარტიულობა.
როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მთავარი ამოცანა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა და არა ურთიერთბრალდებები იმის შესახებ, თუ ვინ ვის პროექტს წარმოადგენს.
„პოლიტიკაში ჯობია არსებით თემებზე ვიკამათოთ, ვიდრე დავიწყოთ იმაზე საუბარი ვინ, ვისი პროექტია და ვის უკან, ვინ დგას.
თუ ვინმეს აინტერესებს რატომ არის საჭირო „ალიანსი“- ზოგადად, ასეთ ვითარებაში ერთად ბრძოლა შენი ისტორიული ვალდებულებაა. საუბარი იმაზე, რომ ცალ-ცალკე შევძლებთ საზოგადოების კონცენტრაციას, ვიდრე ერთად ძალიან არაადეკვატურია. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველა მივა, სადაც იქნება ერთობის შექმნის შესაძლებლობა, რითაც დაუპირისპირდები იმას, რაც მიუღებელია. ამ ვითარებაში ხელს ვერავის ვერ ვკრავ და ვერავისზე ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს არ აქვს უფლება თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს. ყველას აქვს ამის უფლება. დღეს ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული სუბიექტის პარტიულობა“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც „ალიანსი“ ბიზნესპროექტად არის შეფასებული. ფოფხაძის თქმით, მსგავსი განცხადებების ავტორებს საკუთარი პოზიცია შესაბამის დროს უნდა დაეფიქსირებინათ და ბრალდებები მტკიცებულებებით დაესაბუთებინათ.
ფოფხაძის შეფასებით, თუ პოლიტიკური სპექტრი ვერ გააცნობიერებს, რომ ერთიანობა საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა, ეს მომავალში მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკურ პრეტენზიებში აისახება.
„გუშინ გაიგო, რომ ჩვენ ბიზნესპროექტი ვართ? როცა გაიგო, მაშინ მოეხდინა ამაზე რეაგირება. მე შეიძლება მტკიცებულებები მოვითხოვო ან დაასაბუთოს. ამ ვითარებაში მგონია, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ეს დისკუსიები დაგვემთავრებინა, არავის ერთმანეთთან პრეტენზიები არ გვქონოდა. ვინც თვლის რომ მისი პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, მე ამ ადამიანების აზრის შეცლა ძალიან გამიჭირდება.
თუ პოლიტიკური სპექტრი ვერ მიხვდება იმას, რომ ერთიანობა არის ქართველი ხალხის შეკვეთა, ეს შემდეგ ხალხის მხრიდან პოლიტიკურ პრეტენზიებში აისახება. მგონია, რომ 26 მაისის ხალხმრავალი აქცია განაპირობა პოლიტიკური ერთიანობის იდეის გათავისებამ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების მხრიდანაც“,- აცხადებს ფოფხაძე.