ვახტანგ კაპანაძე - ზელენსკის განაცხადი, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც 3 000 კილომეტრს აღწევენ, რეალური ხდება, ალბათ, ბევრ უკრაინელს აქვს სურვილი, „რუბლიოვკაზეც“ ჩამოვარდეს ერთი დრონი, მაგრამ ომის კანონებს მიყვებიან

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, უკრაინის შორს მოქმედების დრონები რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტებისთვის მზარდ საფრთხეს ქმნის

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს შესაძლებლობა უკრაინას საშუალებას აძლევს, დააზიანოს ის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები, საიდანაც რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს.

კაპანაძის შეფასებით, უკრაინა დარტყმებს ძირითადად სამხედრო, სტრატეგიულ და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე ახორციელებს, მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან სამოქალაქო და კულტურულ-რელიგიური მნიშვნელობის ობიექტებიც ხდება სამიზნე.

„უკრაინელებმა დასავლეთ ციმბირი დაბომბეს. ეს არის 2000-ზე მეტი კილომეტრი და ეს არის „ურალს“ იქით. ზელენსკის განაცხადი, რომ უკრაინას აქვს ის დრონები, რომლებიც 3000 კილომეტრს აღწევენ, რეალური ხდება. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მეტი სამიზნე შეიძლება დაზიანდეს. ეს ის რაიონებია, საიდანაც ხდება ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსების მიერ.

უკრაინა, რუსებისგან განსხვავებით, დარტყმებს მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებს. ეს არის სამხედრო მნიშვნელობის ობიექტი თუ სტრატეგიული ან ორმაგი დანიშნულების ობიექტი, რუსებისგან განსხვავებით არ ურტყამენ „ლავრას“ და „მიზნების ტაძარს“. ალბათ, ბევრ უკრაინელს აქვს შინაგანი სურვილი, რომ „რუბლიოვკაზეც“ ჩამოვარდეს ერთი დრონი. ლეგიტიმური სამიზნე არის თავდაცვის სამინისტროს ის ორგანოები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. არ მგონია, თავდაცვის სამინისტროში ისხდნენ და იქ ხდებოდეს გეგმების დამუშავება, ეს საკმაოდ ფარულად ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმბოლური დარტყმა შესაძლებელია განხორციელდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, უკრაინის დარტყმების მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტება და მისი ომის შეწყვეტაზე იძულებაა.

მისი შეფასებით, უკრაინისთვის პრიორიტეტი სამხედრო შედეგის მიღწევაა და არა ფსიქოლოგიური ზეწოლა რუსეთის მოსახლეობაზე.

„დარტყმების პირველადი მიზანია რუსეთის სამხედრო პოტენციალის დაქვეითება და იძულება ბრძოლის შეწყვეტის. ეს არ ნიშნავს მშვიდობის დამყარებას. ეს არის ომის შეწყვეტის იძულება და მაგიდასთან შესაბამისი სტატუსით მისვლა. უკრაინელებისთვის პრიორიტეტული რომ ყოფილიყო, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მაშინ დარტყმები მაღალსართულიან სახლებზე, მდიდრულ უბნებზე... პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, ომის კანონებს მიყვებიან. ნუ დაგვავიწყდება ის დახმარება, რომელიც ევროპიდან მოდის, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობასაც აკისრებს უკრაინელებს ამ დარტყმების განხორციელებაში“,- განაცხადა კაპანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს