ლევან მაჭავარიანი - დაგეგმილი ცვლილებებით, მოსალოდნელია მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ძეგლზე უკანონო მშენებლობის მაქსიმალურად შემცირება - კონკრეტიზაცია ხდება, რათა „შავი ხვრელის“ საშუალება არ დავტოვოთ

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ძეგლზე უკანონო მშენებლობის მაქსიმალურად შემცირება.

„არსებული რეგულაციით, თუ ქალაქ თბილისის საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სამშენებლო ან სარეაბილიტაციო ნებართვას გაუვიდა მოქმედების ვადა, მაგრამ მშენებლობა ან რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის, დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, დამრღვევს განესაზღვრება 90-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება დაზუსტება, თუ რომელ სამუშაოებზე გავრცელდება აღნიშნული დამატებითი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მხოლოდ კვლევით და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვ.მეტრისა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ პირველი კლასის სამუშაოებზე და უნებართვო მშენებლობებზე, თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10 კვ.მ-ს არ აღემატება.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ მშენებლობაზე, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ესენია ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან ქალაქის მშენებლობით ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული მშენებლობა. პროცედურული თვალსაზრისით აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ძველ შენობებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გრუნტის სხვადასხვა ფენების მოხსნისას ხშირად ვლინდება ისტორიული მშენებლობის სარდაფები, სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალა და სიძველეები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაცია-აღდგენას, რაც აუცილებელს ხდის შეიცვალოს არსებული პროექტი ან დამუშავდეს სრულიად ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ძეგლზე უკანონო მშენებლობის მაქსიმალურად შემცირება და უფრო მეტად პრევენციული, პროპორციული სისტემის შექმნა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი დეველოპერები არაკეთილსინდისიერად სარგებლობდნენ, ამიტომ გახდა ეს საკითხი დასაზუსტებელი.

„მაგალითად, ვიღაცას აქვს მშენებლობა, ცვლილებები შეიტანა უშუალოდ პროექტში და იქიდან გამომდინარე, რომ ამ კანონის ქვეშ ექცეოდა, ჯარიმას არ იხდიდა და ბოლოს უკვე ამ ცვლილებას ათანხმებდა არქიტექტურაში. ამ შემთხვევაში, უკვე კონკრეტიზაცია ხდება ამ პროექტით, რომ ასეთი „შავი ხვრელის“ საშუალება აბსოლუტურად არავის დავუტოვოთ“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება