ვახტანგ ძაბირაძე - სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, „ნაცმოძრაობისთვის“ ის არის  როგორც ორთქლმავალი, ისე დამამუხრუჭებელი - როგორც ჩანს, ვეტერან „ნაცებს“ გაუშვებენ დამსახურებულ პენსიაზე, თუმცა თუ სააკაშვილი დარჩა, პარტია იგივე დღეში იქნება

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან - ორივე არაფორმალური მმართველის დაქვემდებარებაში არიან: ერთგან ივანიშვილია, მეორეგან სააკაშვილი , -ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის თავად არის როგორც ორთქლმავალი, ასევე, დამამუხრუჭებელი. ძაბირაძის თქმით, სააკაშვილმა როგორც არ უნდა შეიცვალოს პარტიის ლიდერების მეორე ეშელონი, თუ ის პირველ პირად რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ დღეში იქნება, რა დღეშიც ახლა არის.

„სააკაშვილი რასაც ამბობს, მანდ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: სად რჩება თავად? დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან - ორივე არაფორმალური მმართველის დაქვემდებარებაში არიან: ერთგან ივანიშვილია, მეორეგან სააკაშვილი. ის აბასთუმნიდან თუ საიდანღაც იძლევა განკარგულებებს. ამის გეოგრაფიული ადგილსამყოფელი ვიცით, რომ ციხეშია და იქიდან იძლევა განკარგულებებს. რა უნდა გააკეთოს ნანუკა ჟორჟოლიანმა ისეთი, რომ ამ პარტიის რეიტინგი გაზარდოს? სააკაშვილის პრობლემა ისაა, რომ მიაჩნია, ყველა უნდა შეიცვალოს, მაგრამ თავად უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს! [„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის სახელთან] ასოცირდება იმიტომ, რომ ამას მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი აკეთებს, თორემ ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად, არანაირი პოსტი არ უჭირავს იურიდიულად პარტიაში, დღეს შემოდის წინადადებით, რომ შეცვალოს პარტიის ლიდერი. პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ დღეს ამ პარტიისთვის თავად არის როგორც ორთქლმავალი, ასევე, დამამუხრუჭებელი. როგორც არ უნდა შეიცვალოს პარტიის ლიდერების მეორე ეშელონი, თუ ის პირველ პირად რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ დღეში იქნება, რა დღეშიც ახლა არის.

ზოგადად ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დამფუძნებლები პარტიას ვერ შორდებიან. 20-30 წელი რჩებიან - მარტო ქაღალდზე რომ დარჩა დამფუძნებლის და პარტიის სახელი, ისე არიან დღემდე, ოღონდ რეალურად აღარც მხარდამჭერები ჰყავთ და აღარც პარტიები არსებობენ - ისე არის დღეს სააკაშვილიც. ვერ შორდება „ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშვილისთვის მისაღებია ნებისმიერი გაერთიანება, სადაც ის იქნება ლიდერი. ამ კაცს მოთხოვნა აქვს, რომ მისი აღიარება უნდა მოხდეს. იგივეა „ალიანსზე“ - თუ ალიანსი იმაზე წავა, რომ ამ ალიანსის ერთპიროვნული ლიდერი იქნება სააკაშვილი, პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მაშინ არ უნდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

პოლიტოლოგმა მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მსგავსებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე არაფორმალური მმართველია და ისინი პარტიებს კულისებიდან მართავენ.

„ორივე არის პარტიის არაფორმალური მმართველი. იურიდიულად არცერთს შეუძლია, რომ პარტია მართოს და არც მეორეს. ორივე კულისებიდან მართავს პარტიას. „ქართულ ოცნებაში“ საერთოდ საპატიო თავმჯდომარე ასახელებს პრემიერ მინისტრს, შემდეგ ეს პრემიერი აღიარებს, რომ ის არა პირველი, არამედ მეორე პირია. აქაც იგივეა - ყველა შეცვალა სააკაშვილმა თავისი თავის გარდა. ეს ამსგავსებს ამ ორ პარტიას ერთმანეთს. ამას ავტორიტარიზმი ჰქვია, რაც ივანიშვილის შემთხვევაში ვრცელდება არამარტო პარტიაში, არამედ პარტიის მეშვეობით მთელ ქვეყანაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმავე ავტორიტარიზმს ამკვიდრებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმ 9 წლის განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის დამფუძნებელი იყო...

რაც შეეხება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის განსხვავებებს - განსხვავებები არის მოქმედებებში. გადაწყვეტილებების არამარტო მიღებაში, არამედ მის აღსრულებაში. სააკაშვილი გადაწყვეტილებებს იღებს ძალიან სწრაფად და იმავე წუთში აღასრულებს, ხოლო ივანიშვილს ასეთი რამ არ სჩვევია. ის ელოდება, როდის დაჯდება სიტუაცია და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას და მიჰყვება პოლიტიკურ პროცესს. არცერთი არ არის სტრატეგი, ორივე ტაქტიკოსია. ამ ტაქტიკურ მომენტში რაც სჭირდება ერთსაც და მეორესაც, იმ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის განსხვავებები, ქვეყნისა და რეჟიმისადმი ფაქტობრივად, იდენტურია ერთის და მეორეს მიდგომაც“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, ძაბირაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ნანუკა ჟორჟოლიანს და „ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციაზე მის კანდიდატურას და როგორც აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ამით ცდილობს „ნაცმოძრაობის“ ფასადი შეცვალოს.

„როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ ძველი გუნდი, ვეტერანი „ნაცები“ გაუშვან დამსახურებულ პენსიაზე, მათ შორის ცისკარიშვილი და ბარამიძე. ამით ცდილობენ „ნაცმოძრაობის“ ფასადი შეცვალონ და ახალგაზრდები დააწინაურონ. ამიტომ დაიწყო იქიდან ჟორჟოლიანმა, რომ „ალიანსში“ არ უნდა ყოფილიყო პარტია და ა.შ., რასაც ბოკუჩავამაც უპასუხა, რომ ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო. ესეც არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მათ საფრთხე იგრძნეს. ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ ძველი ელიტა ისევ ეტრფის სააკაშვილს, როგორც ეს 2003 წელს იყო, როდესაც არ ჩანდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე და სააკაშვილმა გამოიყვანა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დარჩებოდნენ მმართველ ბირთვში და პარლამენტში მოხვდებოდნენ. თუ ძველი გუნდის ცვლილება წავიდა, მაშინ მათ იმის შანსი, რომ „გამსვლელ სიაში“ მოხვდნენ, არ აქვთ. ამიტომ მათი პოზიცია ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ ინარჩუნებენ შანსს იმისას, რომ ხვდებიან პირველ ათეულში, მაშინ პრობლემები არ ექნებათ…

რაც არ უნდა „თუხთუხი“ იყოს, ამ პარტიას არ აქვს გაძლიერების, ახალი ელექტორატის მოზიდვის უნარი. ვიდრე სააკაშვილი პარტიის ლიდერად რჩება და „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ასოცირდება, მაშინ არ აქვთ არანაირი შანსი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც მან პარტიებს “ახალს” და “ლელოს” ბიზნესპროექტები უწოდა, კერძოდ კი, საუბარია სააკაშვილის შემდეგ განცხადებაზე: „როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი“.

პოლიტოლოგის შეფასებით, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ ნაწილშიც ემთხვევა ერთმანეთს.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალების“ პოზიციები როგორ ემთხვევა ერთმანეთს - როგორც კი გახარია წავიდა პარტიიდან, ის მოღალატე გახდა. ასევე, როგორც კი მელია წავიდა და ცალკე ორგანიზაცია შექმნა, მოღალატე გახდა. ვინ არიან გილაურები? სააკაშვილის დროს ხომ არ იყო რომელიმე პრემიერი და მის დროს ხომ არ მოხდა მათი აღზევება? ივანიშვილი პრეზიდენტებს ვერ არჩევს - სააკაშვილს პრემიერების პრობლემა აქვს. რეალობა ძალიან მარტივია: ივანიშვილმა ამას გაკრეფა დაარქვა, სააკაშვილი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თვლის, დღეს ისინი კონკურენტები არიან. სააკაშვილისთვის მართლაც კონკურენტები არიან მელია და გვარამია, რადგან მათი ელექტორატი „ნაცმოძრაობის“ ელექტორატია. თუ სააკაშვილი მათ პოლიტიკურად ჩაძირავს, იმედი აქვს, რომ ეს ელექტორატი დაბრუნდება უკან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან.

ასევე „ლელოსთან“ მიმართებაში. სააკაშვილი არ თანამშრომლობდნენ თუ რა? ახალი რამ მოიგონა ვითომ. უნდათ, რომ შუა გაკრიფონ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ჩაინიშნოს, რა რესურსით ხვდება ამ გამოწვევას ამჟამინდელი ოპოზიციური სპექტრი, ძაბირაძემ უპასუხა, რომ „სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი საჭიროებს ძალიან ძლიერ გადახალისებას“.

„რამდენად შესაძლებელია ეს მითუმეტეს უახლოეს პერიოდში, რთული ამბავია. „მეგონა ფსკერზე ვიყავი, ვიდრე ქვემოდან კაკუნი არ გავიგონეო“ - თითქოს ფსკერზე ვართ, მაგრამ პროცესი იქით მიდის, რომ თითქოს კიდევ უფრო გაგვიჭირდება...

ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ მას მოსახლეობის ნდობა არ აქვს. ხაბეიშვილის 5+1 საერთოდ ანეკდოტია. ნდობა როგორ უნდა მოიპოვონ, ეგ არის. ეს ნდობა არცერთ დღევანდელ ლიდერს არ აქვს ცალკე აღებულს და არც პარტიებს. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი, რაც უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უფრო ჭრელი პარლამენტი მივიღოთ, რომ ერთი პარტიის გადასაწყვეტი არ იყოს, რას და როგორ იზამენ, თავი უნდა დაანებონ ერთმანეთისთვის რაღაცის წართმევას, მით უმეტეს, თავი უნდა დაანებონ ისეთ განცხადებებს, რომელსაც სააკაშვილი აკეთებს. ზოგადად, ასეთი დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წისქვილზე უფრო ასხამს წყალს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება