სამართლიანობის გარეშე არც წესრიგი არსებობს, არც უსაფრთხოება და არც ძლიერი სახელმწიფო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზებულია იმიტომ, რომ სამართლიანობას ითხოვს.
„2012 წელს საქართველოს ხალხმა საკუთარი რისკის ფასად ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ მთავარი დაპირების გამო, რომ სამართლიანი სახელმწიფო გვექნებოდა. დღეს ხელისუფლება გვიყვება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რომ საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა. თუ ყველაფერი ასე კარგად არის, რატომ არის საზოგადოებაში ამდენი უსამართლობის განცდა? რატომ გრძნობს თავს ამდენი ადამიანი დაუცველად? რატომ გარბის ამდენი ახალგაზრდა ქვეყნიდან? რატომ ჰგონია ათასობით მოქალაქეს, რომ გავლენიანი ადამიანებისთვის ერთი საქართველოა, ხოლო ხალხისთვის – მეორე? რატომ არის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც გახმაურებული დანაშაული ხდება, საზოგადოება პირველ რიგში არა სამართლის აღსრულებას, არამედ იმის გარკვევას იწყებს, ვინ ვისი ახლობელია და ვის ვინ მფარველობს? დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 70 პროცენტს მიაღწია. ნარკოდანაშაულის გამოვლენილი ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ პირველ ექვს თვეში 3919 ნარკოდანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. 2025 წელს სამოხელეო დანაშაულის 332 ფაქტი დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხალხს სხვა კითხვა აქვს: გაიზარდა თუ არა სამართლიანობის განცდა? სახელმწიფო მხოლოდ სტატისტიკა არ არის. სახელმწიფო არის დედა, რომელსაც შვილის გარეთ გაშვების ეშინია. სახელმწიფო არის მოქალაქე, რომელიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კანონი მისთვისაც მუშაობს. სახელმწიფო არის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებასაც საზოგადოება უნდა ენდობოდეს. ეს აღქმები არ არის, ეს რეალობაა! ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ ქუჩაში არ არის. პრობლემა კაბინეტებშია. იქ, სადაც კანონის დაცვა ევალებათ. ხელისუფლება მუდმივად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ხალხი სხვა რამეზე საუბრობს. ხალხი საუბრობს უსამართლობაზე. საუბრობს იმაზე, რომ ხშირად არა სიმართლე, არამედ გავლენა წყვეტს საქმეს. საუბრობს იმაზე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აღარ სჯერა, რომ ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. დიახ, ყველაზე საშიში კრიზისი ეკონომიკური არ არის. ყველაზე საშიში კრიზისი არის ის, როდესაც ხალხი სამართლიანობის რწმენას კარგავს. როდესაც ადამიანს აღარ სჯერა, რომ მისი უფლებები დაცული იქნება, როდესაც აღარ სჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, მაშინ ნადგურდება ნდობა სახელმწიფოს მიმართ. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზებულია. გაბრაზებულია არა იმიტომ, რომ სასწაულებს ითხოვს, ის უბრალოდ სამართლიანობას ითხოვს. ითხოვს, რომ მკვლელი იყოს დასჯილი. ითხოვს, რომ მოძალადე იყოს დასჯილი. ითხოვს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკი პასუხს აგებდეს. ითხოვს, რომ კანონი კანონობდეს და არ იყოს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები. შეგიძლიათ იამაყოთ ციფრებით, მაგრამ ხალხი საკუთარ გამოცდილებას უფრო ენდობა, ვიდრე თქვენს ანგარიშებს. თუ სამართლიანობა არ არსებობს, თუ მოქალაქეს არ სჯერა სახელმწიფოსი, მაშინ ვერც ერთი ეკონომიკური მაჩვენებელი და ვერც ერთი ლამაზი პრეზენტაცია ამ პრობლემას ვერ დამალავს. ქვეყანა მხოლოდ გზებით და შენობებით არ შენდება და იმასაც ვერ აშენებთ! ქვეყანა შენდება სამართლიანობით! ხალხი შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ ხალხს ვერ დაავიწყებ უსამართლობას. სანამ ამ ქვეყანაში მოქალაქე იფიქრებს, რომ სამართალი ყველასთვის ერთნაირი არ არის, რომ გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე კანონი, ყოველთვის ხმამაღლა გეტყვით- სამართლიანობის გარეშე არც წესრიგი არსებობს, არც უსაფრთხოება და არც ძლიერი სახელმწიფო",-განაცხადა ხორგუანმა.