შეუძლებელია ევროკავშირთან ნდობის აღდგენა მაშინ, როდესაც ყოველდღიურად უტევ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ახალგაზრდებსა და საკუთარ მოქალაქეებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა კი არ ებრძვის საქართველოს, არამედ „ევროპა აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც კი ევროპულ გზას დააშორა“.
„ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ილუზია, თითქოს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე უკვე დაძლეულია, თუმცა რეალური ფაქტები სრულიად საპირისპირო, საგანგაშო მოცემულობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტიკური დევნა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ევროპის უმწვავესი კრიტიკის საგანია. იგივე შეფასებები ვიხილეთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნაშიც, სადაც პირდაპირ არის საუბარი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე და პოლიტიკური დევნის ნიშნებზე. ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია სისტემური თავდასხმების სამიზნეა. მასზე ორჯერ განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ აღიძრა ორი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი საქმე. ეს ყველაფერი სრულ თანხვედრაშია იმასთან, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ: ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტდება, სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩება, ხოლო განსხვავებული აზრი მტრობად არის გამოცხადებული. განსაკუთრებით სიმბოლურია 24 ივნისის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული პროცესი. მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს მომავალზე მსჯელობს, „ოცნება“ პრაქტიკულად აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აღარ განიხილავს სანდო პარტნიორად. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი და არა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. დღეს თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ, თითქოს დიალოგის გახსნა გსურთ ევროკავშირთან, მაგრამ სწორედ თქვენ დახურეთ ყველა კარი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ემსახურებოდა. შეუძლებელია ევროინტეგრაციაზე საუბრობდე და პარალელურად, საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს ებრძოდე. შეუძლებელია ევროკავშირთან ნდობის აღდგენა მაშინ, როდესაც ყოველდღიურად უტევ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ახალგაზრდებსა და საკუთარ მოქალაქეებს. ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც დღეს თქვენ ავრცელებთ, არის ის, რომ თითქოს ევროპა საქართველოს ებრძვის. არა, ევროპა არ ებრძვის საქართველოს. ევროპა აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც კი დააშორა ევროპულ გზას. დღეს არჩევანი ძალიან მარტივია, ან ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ევროპულ ინტეგრაციას, ან „ოცნება“ გააგრძელებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს მომავალი ევროპაშია. არა სიტყვებით, არა პროპაგანდით, არამედ რეალური რეფორმებით, ადამიანის უფლებების დაცვით, დამოუკიდებელი ინსტიტუტებითა და ხელისუფლებით, რომელიც ემსახურება ხალხს და არა საკუთარი თავის გადარჩენას“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.