ლევან მახაშვილი - რეზოლუციები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებასა და ინტერესებს, ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური

ეს რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებასა და ინტერესებს. ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური. შესაძლებელია თუ არა ასეთი დოკუმენტების ავტორებს საქართველოს მეგობრები ვუწოდოთ? პასუხი ძალიან მკაფიოა - არა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის თაობაზე განაცხადა.

მახაშვილმა დასავლელი პარტნიორები ქართული ინსტიტუციებისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები საქართველოს მეგობრები ვერასდროს იქნებიან.

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ, უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს, ისინი ებრძვიან ყველაფერსა და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი.

ლაპარაკის ნაცვლად, გადავხედოთ იმ ინსტრუქციად ქცეულ რეზოლუციებს, განცხადებებსა თუ ანგარიშებს და ვნახოთ, სინამდვილეში რა უნდათ, რა ინსტრუქციებს გასცემენ და რას უნდა ებრძოლონ საქართველოში. მათ უნდათ, ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცველებს, სასამართლოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არჩევნებს, გამჭვირვალობას. მათი მიზანია ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია და სამართლებრივი საფუძვლების მორყევა, რათა ქვეყანაში დათესონ ქაოსი, ნიჰილიზმი, უნდობლობა. მათ არ სურთ ძლიერი სახელმწიფო, რადგან ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს მყარ სუვერენიტეტს, მათ კი სუსტი და მართვადი საქართველო სჭირდებათ.

მათ უნდათ, ებრძოლონ ჩვენი სულიერების ბურჯს, ჩვენს დედა ეკლესიას, იმ ინსტიტუტს, რომელმაც უმძიმეს საუკუნეებში შეგვინარჩუნა ენა, მამული და სარწმუნოება. ეკლესიასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ებრძვიან ოჯახს, ტრადიციებს, იდენტობას.

ეკლესიასა და ღირებულებებზე თავდასხმით მათ სურთ ჩვენი ეროვნული სხეულის ხერხემალში გადატეხა, რადგან იციან, რომ სანამ ქართველ კაცს რწმენა და ტრადიცია უმაგრებს ზურგს, მას ვერანაირ უცხოურ დღის წესრიგს ვერ მოახვევ თავს.

მათ უნდათ, ებრძოლო პატივსაცემ ადამიანებს, საზოგადოების ავტორიტეტებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, უფროს თაობას, პატრიოტებს, მათ, ვისი სიტყვაც ხალხისთვის ყოველთვის იყო წონადი, მათ, ვის მიერ აღმართული დროშაც ერს აერთიანებს, მათ, ვისაც განუზომელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის შენებაში.

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მორალურად გაანადგურონ, ტალახი ესროლონ და გააუფასურონ ყველა, ვისაც ქვეყნის წინაშე დამსახურება აქვს, რათა საზოგადოება კონკრეტული გზამკვლევის გარეშე დატოვონ.

მათ უნდათ, ებრძოლონ მშვიდობას, იმ უმთავრეს მონაპოვარს, რომელსაც კბილებით ვინარჩუნებთ ამ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში. მშვიდობა მათთვის არა ღირებულება, არამედ გამოწვევა და დაბრკოლებაა. ისინი ცდილობენ საზოგადოების პოლარიზაციას, ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას, რათა დანაწევრებული და დასუსტებული ხალხი ადვილად გახდეს სხვისი ინტერესების მსხვერპლი.

ეს რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებასა და ინტერესებს. ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაცხრება აუცილებლად, ჩვენი ქვეყანა კი მყარად გააგრძელებს საკუთარ გზას.

აქ ისმება მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - შესაძლებელია თუ არა ასეთი დოკუმენტების ავტორებს საქართველოს მეგობრები ვუწოდოთ? პასუხი ძალიან მკაფიოა - არა! ნამდვილი მეგობარი პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს კულტურას, შენს უსაფრთხოებას. ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ვინც გაშანტაჟებს, ვინც ხელს აფარებს რადიკალებს და ვინც ცდილობს, რომ დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასოდეს იქნება”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება