„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების პოვნა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“ - უნიკალური პროგრამა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მთიანი რეგიონების განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მარიამ ბაქრაძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც მარიამ ბაქრაძე აცხადებს, პროგრამა - „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“, მოიცავს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მდგრადი განვითარების, რეგიონული დაგეგმარებისა და მთიანი ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ისეთ საკითხებს, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად შეისწავლონ მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომები. მისი თქმით, პროგრამა უნიკალურია და საქართველოში მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სფეროში კარიერის შექმნას გეგმავენ.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო გარემო. სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე. ლექტორები მუდმივად მზად არიან გაგვიზიარონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რაც სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც პროფესიული ზრდის, ისე საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიმართულებით.
უნივერსიტეტის მასშტაბით იმართება სხვადსხვა კონფერენციები, მათ შორის, შიდასაფაკულტეტო. მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე ღია სამეცნიერო სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გამარჯვებულ სამეულში მოვხვდი. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. პროექტებზე მუშაობის დროს ვიღრმავებ ცოდნას და ჩატარებული კვლევები კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მაძლევს ჩემთვის საინტერესო მიმართულებით. ფაკულტეტის სტუდენტური აქტივობების ფარგლებში ხშირად გვქონდა გასვლები სხვადსხვა რეგიონებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც ვაცნობთ ჩვენს პროექტებს ორგანული წარმოების, მდგრადი ტურიზმისა და თანამედროვე ბიოტეგნოლოგიების შესახებ და თავადაც უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ ადგილობრივებთან მსჯელობის პროცესში. ასევე მონაწილეობა მივიღე კურორტების სააგენტოს კონფერენციაში, სადაც შემარჩიეს და ჩამრთეს მრავალძლის კურორტად ჩამოყალიბების პროგრამაში.
მომეცა შესაძლებლობა ფაკულტეტის გაზეთის მთავარი რედაქტორი ვყოფილიყავი. ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად არაერთხელ შევხვდი ჩვენს იაპონელ პარტნიორს, რომელმაც გაგვიზიარა გამოცდილება. პირველი კურსიდანვე გავხდი სტიპენდიანტი, მომეცა შესაძლებლობა მიმეღო სხვადასხვა კერძო ფონდების სტიპენდიებიც (თამაზ ბექაიას ფონდი, იავნანას ფონდი).
სტუდენტებს აუცილებლად ვურჩევდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან აქ არიან საკმაოდ ყურადღებიანი და გამოცდილი ლექტორები და, რაც მთავარია, ფაკულტეტზე არის უდიდესი შესაძლებლობა მიიღო კარგი პრაქტიკული გამოცდილება. რაც მთავარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თავს გრძნობენ არა უბრალო თანაკურსელებად, არამედ ეს არის ოჯახი, სადაც ყველა გვერდში უდგას ერთმანეთს”, - აცხადებს მარიამ ბაქრაძე.