ქეთევან ბაკარაძე - ვისმენთ განცხადებებს აყვავებულ ეკონომიკაზე, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას რეალობასთან, რომელშიც ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს? - კრიზისიდან გამოსავალი არსებობს: კომპეტენტური, პატრიოტი ადამიანები პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე

ყოველდღიურად ვისმენთ განცხადებებს „აყვავებულ ეკონომიკაზე“, კეთილდღეობის ზრდასა და შთამბეჭდავ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ სტატისტიკას იმ რეალობასთან, რომელშიც ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს?,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი, რასაც ემატება დემოგრაფიული კატასტროფა და გაზრდილი ემიგრაცია.

„თუ ეკონომიკა მართლაც წარმატებულია, რატომ არის დაახლოებით 700 000 ადამიანი დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე? რატომ არის 1.3 მილიონამდე მოქალაქე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში? რატომ რჩება სიღარიბე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად? ხელისუფლებამ დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ ათასობით ადამიანი უკანონოდ იღებდა დახმარებას. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს: დაიწყო თუ არა ამ ფაქტებზე გამოძიება? თუ წლების განმავლობაში სახელმწიფო სახსრები უკანონოდ გაიცემოდა, ვინ აგებს ამაზე პასუხს? სად იყო კონტროლი და სად იყვნენ ის უწყებები, რომლებიც ამ პროცესებს უნდა ზედამხედველობდნენ? ანუ რა გამოდის? არჩევნების წინ პარტაქტივი დაასაჩუქრეთ, ახლა კი, როდესაც ამ სისტემის შენახვა ძვირი ჯდება, ადამიანებს დახმარებას უხსნით? გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. სწორედ ამიტომ არის სასკოლო კვების პროგრამა აუცილებელი, ეს არის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობაში, განათლებაში და მომავალში. მშიერი ბავშვი ვერ ისწავლის სრულფასოვნად. მოსახლეობამ მოისმინა კობახიძის დაპირებები ფასების შემცირებაზე. სპეციალური კომისიაც შეიქმნა, მაგრამ შედეგი სად არის? რომელ პროდუქტს დააკლდა ფასი? პირიქით, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი, გაიზარდა საწვავის, ელექტროენერგიისა და ჯარიმების ტარიფები, ხოლო ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. ხელისუფლების მოქალაქეზე ზრუნვის რეალური სახე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საქმეში ვნახეთ. მშობლები 45 დღის განმავლობაში იდგნენ ქუჩაში, სიცივესა და უმძიმეს პირობებში, იმის მისაღებად, რაც მათ ისედაც ეკუთვნოდათ. თუ მათ ასეთი ბრძოლა დასჭირდათ საკუთარი უფლებებისთვის, რას ეუბნებით დანარჩენ ოჯახებს? მათაც ქუჩაში უნდა გაატარონ თვეები, რომ ხელისუფლებამ მათი ხმა გაიგოს? ამ ყველაფერს ემატება დემოგრაფიული კატასტროფა და გაზრდილი ემიგრაცია. ქვეყანას ტოვებენ ახალგაზრდები, პროფესიონალები, მეცნიერები, ექიმები და მასწავლებლები. ისინი არ გარბიან სამშობლოდან ისინი გარბიან სიღარიბისგან, უსამართლობისგან, უპერსპექტივობისგან და ღირსეული ცხოვრების საძიებლად. ვერც ერთი დემოგრაფიული კომისია და ვერც ერთი ლამაზი ანგარიში ვერ შეაჩერებს ამ პროცესს, თუ ადამიანები საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივას. ამ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს. ეს არის კომპეტენტური, პატრიოტი და ღირსეული ადამიანები პოლიტიკის განმსაზღვრელ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ეს არის კორუფციისგან დაცლილი სახელმწიფო უწყებები, პროფესიონალიზმზე დაფუძნებული მმართველობა და ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილდღეობაზე და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე“,-განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება