მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, არამედ ზოგადად ოპოზიციური ბანაკის ლიდერი, რაც ვერ იქნება, ამ ეტაპზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებზე სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და ამ თვალსაზრისით აღნიშნა, რა არის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა.
„მთავარი პრობლემა ამ ურთიერთობაში იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, არამედ ზოგადად ოპოზიციური ბანაკის ლიდერი, რაც ვერ იქნება, ამ ეტაპზე. არ ვიცი, მომავალში მიაღწევს, არ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია ამას თავის დროზე, შევარდნაძის დროს, მაგრამ იქაც კი ყველას ლიდერი არ აღმოჩნდა - არ აღმოჩნდა „ლეიბორისტების“ ლიდერი, არ აღმოჩნდა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მაგრამ აღმოჩნდა შევარდნაძის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ბანაკის ლიდერი. ამ ყველაფერს მიღწევა სჭირდება და მარტო სურვილის გამოთქმა არ კმარა. „ოპოზიციური ალიანსი“ არ არის პოლიტიკური ბლოკი, ოპოზიციური ალიანსი არის, ჩვენი აზრით, ერთობის საჭიროების შეთანხმებაზე დაფუძნება. ერთობა საჭიროა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის თქმით, გაგრძელდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ თანამშრომლობა, ეს გამოჩნდება „ნაცმოძრაობაში“ ყრილობის შემდგომ.
„ახლა, ორ თვეში არჩევნები იქნება და გამოჩნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს თუ არა შეთანხმებულ წესებზე დაფუძნებით ურთიერთობის გაგრძელებას. თუ ჩვენი ურთიერთობა წესებზეა დაფუძნებული და იმ წესებს არ უშვებ, ე.ი. ეს ურთიერთობა არ არის“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა შეაფასა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის აქტიურობა საკმარისი არ არის და საჭიროა „შიდა თუხთუხი“.
„ამ განცხადებას არა, ვერ ვიზიარებ. პირველ რიგში, სიტყვა „თუხთუხი“ ჩემი აზრით, სრულიად არ შეესაბამება ჩვენს საჭიროებას. აი, სწორედაც რომ ვთუხთუხებთ, უბედურება ეს არის და ჯერჯერობით ნაბიჯებს ვერ ვდგამთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბობოხიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ნდობა არ აქვთ, სწორი არ არის. მისი შეფასებით, ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს იმ მასშტაბის ნდობა, რა მასშტაბის ამომრჩეველიც მას უჭერს მხარს.
„ეს მდგომარეობა გვაქვს ახლა, როდესაც არ არსებობს ერთი ყოვლის მომცველი ლიდერი. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვჭირდება პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა“, - განაცხადა ბობოხიძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, სინამდვილეში, სიძულვილის ენის ფუნდამენტის ჩამდგმელი „ქართული ოცნებაა“.
„თუ მიზანი და ამოცანა არის დაცხრეს სიძულვილი და საზოგადოების გაყოფა, მაშინ უნდა მოერიდოს შემდეგს - დედის გინებაზე უარესი მგონია „აგენტის“, „სამშობლოს მოღალატის“, „უსამშობლოების“ დაძახება. ეს დამოკიდებულება ხომ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა? „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა დევნის პრაქტიკა, როდესაც ერთი ჯგუფი ძალადობდა მეორე ჯგუფზე. ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში სულ სხვა რამეს ემსახურება -ემსახურება სოციალური მედიის კონტროლს“. „ქართულ ოცნებას“ ის კი არ აწუხებს, მე ვინმე შემაგინებს თუ არა, „ქართულ ოცნებას“ აწუხებს ის მდგომარეობა, რომელშიც მისმა პოლიტიკამ ჩაყარა მისივე პოლიტიკური ლიდერები. არ მოსწონთ, დისკომფორტი აქვთ, ატანა არ შეუძლიათ“, - განაცხადა ბობოხიძემ.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ბობოხიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზეც, რომ ორმა მსოფლიო ბრენდმა (Nestle-მ და Procter & Gamble-მა) დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ კომერციულ თანამშრომლობაზე უარი თქვა და არხზე რეკლამებს აღარ განათავსებს. ბობოხიძის შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ სანქციები ნელა, მაგრამ მუშაობს.
„ეს აჩვენებს იმას, რომ სანქციები ნელა, მაგრამ მუშაობს. ქართველებს ეროვნულად და სახელმწიფოებრივად ცოტა დრო ნამდვილად არ გვაქვს, ათეულობით საუკუნეს ითვლის საქართველოს ისტორია და იმედი მაქვს, რომ „აწ და მარადის და უკუნითი უკუნითამდე“ გაგრძელდება ეს ისტორია, მაგრამ ჩვენს თაობას ხომ დრო ეწურება, ჩვენც ხომ გვინდა, რომ რაღაცას მოვესწროთ, მით უმეტეს, რომ პატარა ქვეყნებისთვის შესაძლებლობების ფანჯრები იხსნება და იხურება და ის შანსი, რომელიც ახლა შესაძლოა გავუშვათ, კარგა ხანს არ დადგეს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ძალიან სწრაფად გვინდა რაღაცები, რომ მოქმედებდნენ და რეაქცია სწრაფად იყოს, მათ შორის თითქოს ამოუვიდა ჩვენს ხალხს ყელში ამდენი რეზოლუცია და რეკომენდაცია და ვეღარ გასცდა თითქოს მოქმედება ქაღალდზე დატანილ განცხადებას. მოქმედებს ეს სანქციები, ოღონდ უფრო ნელა, ვიდრე ჩვენ გვსურს, იმოქმედებს მომავალშიც“, - განაცხადა ბობოხიძემ.