პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითია.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას ხორგუანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული გამოწვევები, მათ შორის ბორდერიზაცია, მოქალაქეთა დაკავებები და უსაფრთხოების პრობლემები.
დეპუტატის თქმით, ამ ფონზე ხელისუფლების მხრიდან ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გახარიასთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაუგებარია.
„როცა კომიტეტზე კითხვები დაგისვეს ჩემმა კოლეგებმა, სწორედ გიორგი გახარიასადმი ხელისუფლების მხრიდან პირადი ანგარიშსწორებით მოტივირებულ საქმეებზე, აღშფოთდით. არადა, ჩვენ პირველ პირში და საკუთარი მაგალითებით მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სხვას არ მივაყენოთ ზიანი უნებლიედ, ვინაიდან ძალაუფლების მატარებლები ჩასაფრებულების პოზიციიდან ესაუბრებით და აფასებთ მოვლენებს და რაც მთავარია, გიორგი გახარიასადმი შეკერილი საქმეები დიაგნოზია იმ დამოკიდებულების, რაც ოცნების ხელისუფლებამ ნორმად აქცია!
თქვენს ანგარიშში კარგად გაქვთ აღწერილი, როგორ ილახება საქართველოს მოქალაქეების უფლებები ოკუპირებულ რეგიონში და კონფლიქტისპირა სოფლებში. ბორდერიზაცია, დაკავებები, დაუცველობა და ამ დროს ხელისუფლება გიორგი გახარიას სწორედ ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვაში სდებს ბრალს, როცა მან საქართველოს ინტერესები მშვიდობიანად დაიცვა. ამ ფონზე „ოცნება“ საუბრობს, რომ მიწები დაკარგა თურმე და ამით გადიდგულებული სეპარატისტები და ოკუპანტები საგუშაგოს აღებას თამამად ითხოვენ! სოხუმიდან სეპარატისტები დაბომბვით გვემუქრებიან! დიახ, რადიკალიზმსა და სიმხდალეს შორი ასევე დიდი სივრცეა, ბევრი შესაძლებლობა! სიმტკიცითა და გამბედაობით და პასუხისმგებლობით დაიცვა ქვეყნის ინტერესი! “,- განაცხადა ხოგუანმა.
ხორგუანმა ასევე ისაუბრა „20 ივნისის საქმეზე“ და განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები სახელმწიფოს ინტერესებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ასახავს.
მისი თქმით, გახარიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს სათანადო მტკიცებულებები არ ახლავს.
„რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს. ესეც დიაგნოზია, როგორ უპასუხისმგებლოდ ექცევით სახელმწიფოს ინტერესებს! როცა გიორგი გახარია ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას ამ საქმეში მონაწილე პირებისთვის, თქვენ ეს ამნისტია მიიღეთ, ვისი კარნახით? გარედან თუ შიგნით თქვენივე აგენტურით გამოტენილი ე.წ. ოპოზიციის დასაცავად. და ახლა იმ მუხლით ასამართლებთ გიორგი გახარიას, რომლის მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში.
ბატონო ლევან, თქვენ გვირჩიეთ, რომ თქვენი ანგარიშები გამოვიყენოთ. და რადგან თქვენ ვერ ბედავთ, თავად შეაფასოთ, ჩვენ შევაფასებთ, ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცით. ოცნების ხელისუფლებამ ისეთი სახელმწიფო შექმნა, სადაც ხალხი სულ უფრო დაუცველი ხდება, ღარიბდება და იჩაგრება, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები სულ უფრო მოძალადედ, მჩაგვრელად და ფარისევლად ყალიბდება. დიახ, ღარიბი ხალხის მოძალადე ხელისუფლება - ეს არის სიმართლე!“,- განაცხადა ხოგუანმა.
სიტყვის დასასრულს მან სახალხო დამცველს მეტი აქტიურობისა და პრინციპულობისკენ მოუწოდა.
„და ბოლოს, მეც გირჩევთ, გამბედაობა მოიკრიფეთ! თქვენ არც „ენჯეო“ ხართ, არც კვლევითი ორგანიზაცია, თქვენ ის კონსტიტუციური ორგანო ხართ, ვინც ყოველთვის ადამიანის მხარეს უნდა იყოს! რთული საქმეა უფლებების დაცვა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, თქვენ დღეს მეტი რესურსი გაქვთ, ახალი შენობა, ინფრასტრუქტურა, კარგი ხელფასები, ეს ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა ხალხის ნდობა და ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო“,- განაცხადა ხოგუანმა.