ვიკა ფილფანი ლევან იოსელიანს - თქვენ ვერ იცავთ საკუთარი უწყების ანგარიშს, ძირითადად  სანთლით ხართ საძებნელი, როცა ადამიანებს სჭირდებათ! - სამწუხაროდ, თქვენი ლოიალობა დღეს ნაყიდია

სახალხო დამცველმა დღეს ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სურდა შემდეგ წელს მისთვის ნაკლებად კრიტიკული კითხვები დაგვესვა, ნაცვლად იმისა, რომ ესურვა მისი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულიყო და ანგარიშში ასეთი მძიმე დარღვევების აღწერა აღარ ყოფილიყო საჭირო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა,

პარლამენტის დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფილფანის თქმით, 2025 წლის სახალხო დამცველის ანგარიში შინაარსობრივად საკმაოდ მასშტაბური და კრიტიკულია. დოკუმენტი მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ისე სოციალურ უფლებებს. ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მრავალი პრობლემა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

„ანგარიშის მიხედვით დასტურდება რომ მოქალაქეთა უფლებები ირღვევა ყველა მნიშვნელოვან ასპექტში; კერძოდ - იზღუდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოკვეთილია სამართალდამცავთა შესაძლო დაუსჯელობა; სოციალური სიღარიბე; ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; შრომითი უფლებები; პენიტენციური სისტემის ხარვეზები; შშმ პირთა, ბავშვთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა.

ანგარიშში საგანგაშოა სასამართლოს ნაწილი და პირდაპირ მიუთითებს:ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე; ადვოკატების უფლებების შეზღუდვაზე; საქმის განხილვის გაჭიანურებაზე; უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.

მძიმეა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ნაწილი, სადაც ფაქტობრივად დასტურდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა.

ანგარიში პირდაპირ მიუთითებს შეკრებისა გამოხატვის თავისუფლების მკვეთრ შეზღუდვას, მედიის უფლებების შეზღუდვას, სასამართლოს საჯაროობის მოშლას;

2024 წლის აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული;

ანგარიში გასული წლების მსგავსად აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა სოციალურ სფეროშიც არ გაუმჯობესებულა და კვლავ არ წარმოადგენს პრიორიტეტს, რასაც ადასტურებს ის, რომ: 380 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვი; რეგიონებში პრობლემურია ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა; შრომის ღირსეული ანაზღაურების სამართლებრივი გარანტიები კვლავ არ არსებობს.

ანგარიშის თანახმად პენიტენციური დაწესებულებაში იკვეთება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, რაც წლიდან წლამდე გამოუსწორებელია.

თუმცა, იყო თემები რომლებიც უფლებაწართმეულთა მასშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ანგარიშში: კონკრეტულად: ემიგრანტებისთვის ხმის წართმევის უფლება, 2000-მდე გათავისუფლებული მაღაროელი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მათი ლიდერები. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დარბევების დროს წყლის ჭავლში აკრძალული ნივთიერების გამოყენების სამართლიანი გამოძიების უფლების წართმევა.

ანგარიშში არ არის სფერო სადაც არ იკვეთება სისტემური დარღვევები, ანგარიშის საბოლოო ჯამში ასახავს რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და დემოკრატია მკვეთრად არის გაუარესებული.

ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და რეზოლუციები. ქვეყანაში ამოქმედებულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, მაგნიტსკის სიაში იმყოფებიან მაღალი თანამდებობის პირები, დასანქცირებულია სასამართლო, ევროპარლამენტის რეზოლუციები.

ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, ანგარიშის თანახმად სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან: სრულად შესრულდა მხოლოდ 7%; არ შესრულდა 64%; პარლამენტის მიმართ გაცემული 62 წინადადებიდან 56 არ შესრულდა.

ამ სტატისტიკის გათვალისწინებით სრულიად მიუღებელია თავად სახალხო დამცველის უმოქმედობა და დამოკიდებულება, ბატონო ლევან მინდა შეგახსენოთ, რომ სახალხო დამცველის აპარატი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომლის მთავარი ფუნქციაც არის მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მრავალთაგან თქვენი მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება.

რეკომენდაციების შეუსრულებლობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი. სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ არის ობიექტური - რაც ნაკლებად მოსალოდნელია; საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს; და მესამე, თქვენ ვერ ახერხებთ სტრუქტურებთან ეფექტურ კომუნიკაციას;

თქვენს მიმართ შეურაცხმყოფელ და არასერიოზულ დამოკიდებულებას ისიც აჩვენებს, რომ კომიტეტზე მაგიდასთან დაგისვეს ადამიანის უფლებებისთვის დასანქცირებული პირი და თქვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გქონიათ;

თქვენ არც მაშინ გაქვთ პრობლემა, როდესაც რეკომენდაციების შესრულების 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის მოწოდების ღირსადაც არ გთვლიან;

თქვენ დღესაც გადაუნაწილეთ საკუთარი მანდატი სხვებს და თავად ვერ შეძელით კითხვებისთვის დამოუკიდებლად გეპასუხათ;

პოლიტიკური რეპრესიის შედეგია ისიც, რომ არ გეყოთ გამბედაობა ვერბალურად გეპასუხათ ყოფილი პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის არსებობა თქვენივე ანგარიშზე დაყრდნობით, 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენი უწყება პირდაპირ წერს, ვციტირებ: „სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების შესწავლიდან ირკვევა, რომ მინისტრს ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია.“ ზუსტად ანალოგიური გარემოება დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილების 169-ე პარაგრაფში. არ გეყოთ გამბედაობა პოლიტიკურ დევნად შეგეფასებინათ გიორგი გახარიაზე და სხვა ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმები. საშუალო სტატისტიკურ კრიმინალად შეაფასეთ იმ პოლიტიკოსზე თავდასხმა რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა.

თქვენ ვერ იცავთ საკუთარი უწყების ანგარიშს. დღეს წარმოდგენილი ანგარიშიც სრულიად დისტანცირებულია თქვენგან.

თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ ვერ იქნებით ადვოკატი, და მოიქცეოდით ისე, როგორც თქვენ გინდათ, არა ბატონო ლევან, თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც კონსტიტუცია გავალდებულებთ და დიახ, თქვენ ამ ქვეყანაში ყველას ადვოკატი უნდა იყოთ, თუმცა ვერ იქნებით რადგან დღემდე ვერ აღიქვამთ საკუთარ თავს სახალხო დამცველად ვინაიდან თქვენი ლოიალობა ნაყიდია.

თქვენ შეიძლება ხართ დამცველი, მაგალითად ენერგეტიკული კომპანიების მაგრამ სახალხო ნამდვილად არ ხართ, ეს არის მთავარი პრეტენზია თქვენს მიმართ.

თუ ისეთი ვითარებაა პენიტენციურ დაწესებულებაში როგორსაც აღწერთ რატომ ყოველდღე არ დგახართ ციხეებთან, ბოლოს როდის აცნობეთ მოქალაქეებს არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ? როდის ჩაატარეთ ბრიფინგი? ხვეწნის გარეშე როდის მიხვედით სადმე.

ძირითადად, სანთლით ხართ საძებნელი, როცა ადამიანებს სჭირდებათ!

მასობრივ წამებას და დარღვევებს რომ აღწერთ თქვენს ანგარიშში და შემდეგ მხოლოდ რეკომენდაციებს გზავნით, ვის უგზავნით ამ რეკომენდაციებს, რომელი უწყება გაითვალისწინებს? მასობრივ წამებას ვისაც ედავებით?

ბატონო ლევან, თქვენ ფიქრობთ ახლა, რომ ეს ანგარიში თქვენი გადარჩენის ბილეთია მომავალში, ადამიანის უფლებები რომ ირღვეოდა თქვენ სად იყავითო, რომ გკითხავენ, მაგრამ ვერ გადაგარჩენთ ანგარიში, რომელსაც თავად არ იზიარებთ!

გაიაზრეთ, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოზიციას იკავებთ და თუ ვერ ასრულებთ საკუთარ ფუნქციას ნუ აკარგვინებთ ადამიანებს ამ შესაძლებლობას. თქვენ არ ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ანგარიშების გამოქვეყნება ევალება, ეს სიმამაცე გამოიჩინეთ იქ სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.

გეყოთ გამბედაობა და ხმამაღლა და კატეგორიულად მოითხოვეთ რეკომენდაციების შესრულება, ან აღიარეთ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს მათი შესრულებისა!

თქვენ გააკრიტიკეთ ყველა იმის გარდა, ვინც უნდა გაგეკრიტიკებინათ, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს თქვენს რეკომენდაციებს. სამწუხაროდ, თქვენი ლოიალობა დღეს ნაყიდია!“, - განაცხადა ფილფანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება