ნანუკა ჟორჟოლიანი - თუ ენმ-ის პოლიტსაბჭომ კანდიდატი დააყენა, მარტივი არჩევნები არ იქნება, „ხაბეს“ წინააღმდეგ წავლენ? - პოლიტიკური ფიგურები რომ მართავდნენ ოპოზიციას, რა შედეგი დადეს? - თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ არის ნაკლები ფაქტორი პარტიისთვის. მიშას სხვა მნიშვნელობა აქვს პარტიაში. ხაბესაც დიდი მნიშვნელობა აქვს და არ არის თავში ხელწამოსაკრავი, ამიტომ თუ პოლიტსაბჭომ თავისი კანდიდატი დააყენა, მაშინ მარტივი არჩევნები არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ლევანი თავის დროზე არ გაუშვიათ, სწორი ფორმულირება არ არის, მაგრამ არასწორი იყო“.

„ხაბეიშვილს თუ მოუნდება კანდიდატის დაყენება, ვინ იქნება ეს კანდიდატი? ხაბეიშვილმა რომ თქვას ციხიდან, მე ვარ კანდიდატიო, პატიმარმა ხაბეიშვილმა... ხომ შესაძლოა ეს მოხდეს? ხაბეს წინააღმდეგ წავლენ? პატიმარია, რომელსაც არასწორად მოექცნენ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრობიდან“ წასულ პოლიტიკოსებზე, კერძოდ, ნიკა მელიაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არასწორად მოიქცა“.

„მიშას, პარტიის წევრები ძალიან უფასებენ იმ თავგანწირვას, რომ ჩამოვიდა, ჩაჯდა და 5 წელია უკვე ციხეშია, მაგრამ ხაბეიშვილიც, მიუხედავად იმისა რა პროცესებიც დატრიალდა მის ირგვლივ, პარტიიდან არ წასულა, მიშა არ გაულანძღავს და მას ამ ერთგულებას უფასებენ, გაილახა, დაიჭირეს. მელია კი არასწორად მოიქცა მიშასთან პარტიიდან რომ წავიდა, მორალურადაც და ადამიანურადაც. შემდეგ ადგა და პარტია გაუყო, შევთანხმდეთ ლიდერს დედას რომ აგინებ, უნდა ადგე და წახვიდე.

ამ ქვეყანაში მნიშვნელობა არ აქვს „ნაცი“ ხარ, „ქოცი“, „ლეიბორისტი“ თუ სხვა, არავის მოღალატე არ უყვარს. ადამიანი რომელთან ერთადაც იყავი და რომელიც შენი ლიდერი იყო, მიდიხარ და აგინებ, ასეთი არავის უყვარს, სახე თუ ვინმემ შეინარჩუნა, მათ შორის, ღარიბაშვილმაც კი ივანიშვილის კარზე. ეს კარგად იცის გახარიამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციითაც, 20 ივნისს ბრძანება მას არ გაუცია, ამ გზით არ მიდის, რადგან ქართველს მოღალატე არ მოსწონს. მაშინ ანზორ ჩუბინიძე თავისი გაშვერილი თითით ძალიან ხილული იყო, ამის არაერთი კადრი გავრცელდა, თუ როგორ უთითებს ადამიანებს, ვის უნდა დაუმიზნონ და ესროლონ“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ის პარტიაში პოლიტიკურ ლიდერად არ მიდის.

„პარტიაში პოლიტიკურ ლიდერად არ მივდივარ, პოლიტიკური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს. პოლიტიკური ფიგურები რომ მართავდნენ ოპოზიციას ამდენი ხნის განმავლობაში, რა შედეგი დადეს და რამდენი აქვთ პროცენტი, ან რით დააზარალეს ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი თუ ახლა ხელისუფლებაშია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა ქმედით ალტერნატივას ვერ ხედავს, რეგიონში მცხოვრები ადამიანები ვერ ხედავენ პოლიტიკოსს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, მხოლოდ სტუდიაში მოლაპარაკეს ხედავს და ერთმანეთში ძიძგილაობას - „შენ ჩემზე შტერო თქვი, შენ ჩემზე დებილო“ და ეს არამიმზიდველია.

ფაქტია, რომ სტანდარტულმა მიდგომებმა არ იმუშავა. ადამიანები, რომლებიც მიშას უფრო ებრძვიან, ვიდრე ბიძინას, გამოდიან და მიშას გადაწყვეტილებას უწუნებენ.

რეფორმები სჭირდება პარტიას, ახალგაზრდული ხმა მკვეთრი და მყვირალა უნდა იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი კავშირი ახალგაზრდობასთან გაწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ასაკობრივი „თარგეთი“ და ეს მათ კარგად იციან“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება, „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვების შესახებ საკითხს დააყენებს.

„თუ თავმჯდომარე გავხდები ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ. მიშა და სხვები ფიქრობდნენ, რომ 5-იანი არ უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ კოალიცია სრულფასოვნად ვერ შედგა.

ხაბეიშვილს აგენტობა დააბრალეს, ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები შეკრულები იყვნენ და რომ ივანიშვილის საქმე გააკეთეს და რომ სასარგებლო იდიოტები იყვნენ, ადამიანებზე, რომლებმაც თავი შესწირეს ამ პროცესს და ციხეში წავიდნენ. შემდეგ წავიდა და მოწმედ არ გამოვდგებიო და ბაჩო ახალაიას საქმეში ერთადერთი მოწმის ჩვენებაა და ეს ჩერგოლეიშვილია.

ჩერგოლეიშვილი ხომ ამბობს, რომ ის პოლიტიკოსია და ნასწავლი აქვს, ამიტომ მოიქცეს როგორც პოლიტიკოსი, მე რომ „ლობიანას“ დამიძახებს, ეს ისწავლა? ამას გვამადლის, რომ ეს არის მისი განათლება? ეს არის პოლიტიკა?

რაც შეეხება გილაურს, გილაური ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად იყო და გაიპარა უკანა კარიდან. მისი თანამშრომლებიც არ მოუკითხია, ჩხრეკა რომ ჩაატარეს. ხელები დაიბანა და წავიდა. ფაქტია, ის საერთო ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის არ იყო ამ პროცესში, იყო მინი-სპეცოპერაციისთვის. ნიკა გილაური როგორც ფონდის ხელმძღვანელი სამარცხვინოდ გაიპარა“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება