POLITICO - უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გახსნას აჭიანურებს

უნგრეთმა გადადო ძირითადი პროცედურული ნაბიჯი რომელიც აუცილებელია უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში ­გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი კლასტერების გასახსნელად, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც POLITICO აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ კიევმა და კიშინიოვმა ბლოკში გაწევრიანების გზაზე მიაღწიეს ეტაპს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა 15 ივნისს ერთხმად დაამტკიცეს ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური თავის გახსნა. ამ ნაბიჯს წლების განმავლობაში ბლოკავდა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ორივე ქვეყანა ახლა იმედოვნებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სწრაფად გააგრძელებს პროგრესს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ მიმდინარე თვის დასაწყისში POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი ივლისის შუა რიცხვებისთვის მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნას ისახავს მიზნად.

POLITICO წერს, რომ ეს ვადები ახლა რისკის ქვეშაა მას შემდეგ, რაც სამშაბათს უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია ბლოკის 27 წევრის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროკომისიისთვის წერილის გაგზავნას, რომელშიც ევროკავშირის დედაქალაქების ერთობლივი პოზიცია იქნებოდა ჩამოყალიბებული. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ამ ნაბიჯს, რომელიც 27-ვე წევრის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს და რომელზეც მომავალ კვირას კვლავ ისაუბრებენ.

„ეს ნაბიჯი შეესაბამება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ცივ პოზიციას უკრაინის წევრობის მიმართ“, - აღნიშნულია სტატიაში.

POLITICO ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მადიარი არ შეწინააღმდეგებია უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას, მისმა მთავრობამ მოითხოვა კიევის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სიტყვების „რაც შეიძლება მალე“-ს ამოღება გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წერილობითი დასკვნებიდან.

„სულ ექვსი კლასტერია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველი კლასტერის მელანი ჯერ კიდევ არ გამშრალა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას - რომლებიც წლები გაატარეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობაში“, - განაცხადა მადიარმა გასულ კვირას ევროპული საბჭოს შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება