ძალიან უბრალო ოჯახში გავიზარდე, დედა პედაგოგია, მამა ბაზარში მუშაობს მეხორცედ, ისინი ღირსეულები არიან და იმ ღირსების გამოძახილია რუსთაველზე დგომა, რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა.
მან სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„ვარ ძლიერი და ამაყი, რომ ამხელა სოლიდარობა გვაძლიერებს მათ, ვინც რუსთაველზე 500 დღეზე მეტია ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს დამაკავონ, ძალიან ამაყი ვდგავარ ქალბატონო თამარ [მოსამართლე], რადგან ბრალი, რაც წამიყენეს, არ ჩამიდენია და არანაირი ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორი არ ვარ.
ძალიან უბრალო ოჯახში გავიზარდე, დედა პედაგოგია, მამა ბაზარში მუშაობს მეხორცედ, ისინი ღირსეულები არიან და იმ ღირსების გამოძახილია რუსთაველზე დგომა, რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. არ ვნანობ იქ ყოფნას, უკან რომ გადავახვიოთ, ისევ იქ ვიქნებოდი.... ბრალი სრულიად სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, მტკიცებულებები უკანონოდაა მოპოვებული, ფარულადაა ჩაწერილი, ვერ გამოკვეთეს ქმედებები, რასაც მედავებიან
რაც შეეხება დაკავებას, 4 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე, თუკი, დანაშაული ჩავიდინე, ორგანიზებულ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, რატომ არ დამაკავეს?
სპეცოპერაციით დამაკავეს, თითქოს, ტერორისტული დაჯგუფების წევრი ვიყავი...
დაკავების მიზანი იყო, რომ ჩემი შვილი შეეშინებინათ და დაემცირებინათ, მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს. ჩემი შვილის თვალწინ დამაკავეს, ატირეს. მათ ჰგონიათ, რომ ეს შერჩებათ? ყველას ვაგებინებ სამართლებრივად პასუხს.
მინდა აბო ნავერიანს და ნანა სანდერს წარმატება ვუსურვო. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება",- განაცხადა მეყანწიშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.