ადამიანმა, პარლამენტში, საკუთარი ანგარიში ვერ გადმოსცა - მაშინ, როდესაც მძიმე ფონია, განყოფილებებში ადამიანების წამება მიმდინარეობს, ბევრი პატიმარი ამბობს, რომ მათი უფლებები ირღვევა, შენ, სახალხო დამცველს, არ შეგიძლია ანგარიშის ვერბალურად მოყოლა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომელსაც პარლამენტში გუშინ მოუსმინეს.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განმარტა, მისთვის და მისი პარტიისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, რით არის განპირობებული ლევან იოსელიანის „სიჩუმე და უძრაობა ასეთ ეპოქაში“, როდესაც მძიმე ფონია.
„მე არ ვერჩი ლევანს, ლევანი საკუთარ თავს ერჩის. მარტივი კითხვა დაუსვეს ჩემმა თანაპარტიელებმა, რასაც წერთ ანგარიშში, სიტყვიერად შეგიძლიათ გაიმეორო? - ეს ვერ ვათქმევინეთ.
ადამიანმა საკუთარი ანგარიში ვერ გადმოსცა. იოსელიანს იცავდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება“ საუბრობდა იოსელიანის ნაცვლად. სახალხო დამცველი არ არის კაბინეტური თანამდებობა. იოსელიანს თუ გონია, რომ თანამდებობაზეა, მანქანა ემსახურება და თავის საახლობლოში მაგარი ტიპია, ასე არ არის. გაჩნდა კითხვები, რა ვალდებულებები აქვს იოსელიანს? ეს ვალდებულებები თანამდებობის დანიშვნაზეა, თუ მის ძმის კომპანიებს რომ აპატია სახელმწიფომ... ვუთხარით, 5 წუთი რომ ისაუბრო პრობლემებზეო და ვერ აღმოთქვა... ფაქტები მარტივია, მისი ოჯახის წევრები არიან ენერგეტიკულ ბიზნესში, იმ პრივილეგიებით სარგებლობენ, რასაც სახელმწიფო გასცემს, ოპერირებენ, ბიზნესში შეზღუდვა არ გააჩნიათ. ენერგობიზნესი ხომ რეგულირებული ბიზნესია. ამას სახელმწიფო აკონტროლებს. ყველა დევნაშია, ყველა განსხვავებული აზრი, ყველა შემომწირველი და როგორ ხდება, რომ მილიონების ჩამოწერაა მათ კომპანიებზე, მის ნათესავებთან დაკავშირებულ კომპანიებზე? ჩვენ ვინმეს კი არ ვაბრალებთ, არსებული ინფორმაცია საჯაროდ გამოგვაქვს და ვკითხულობთ, რით არის განპირობებული მისი ასეთი სიჩუმე და უძრაობა ასეთ ეპოქაში. მაშინ, როდესაც მძიმე ფონია, ადამიანების წამება მიმდინარეობს განყოფილებებში, ბევრი პატიმარი ამბობს, რომ მათი უფლებები ირღვევა, შენ, სახალხო დამცველს, არ შეგიძლია ანგარიშის ვერბალური გამოთქმა. თავად უშუალოდ ანგარიში, ობიექტური იყო. ჩვენ დავსვით კითხვა, ეს იმით ხომ არ არის განპირობებული, რომ შეღავათები გაქვთ თქვენ, თქვენ ოჯახს ენერგობიზნესში“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, მან გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეზეც ისაუბრა, რომელიც დღეს, პარლამენტში საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, გვარაკიძე თავის ფუნქციას არ ასრულებს და ის, „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გენერალური პროკურორია.
„გენერალური პროკურორი, რომელიც პარლამენტში გამოსვლით არის დაკავებული, არ არის გენერალური პროკურორი. ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორია. გვარაკიძე თავის ფუნქციას არ ასრულებს, არასათანადოდ ებრძვის კორუფციას.
წარმოუდგენელია, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ამომრჩეველი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, კალაძე უფრო კორუმპირებულია თუ ღარიბაშვილი, გეტყვით, რომ კალაძე. პირადი ინტერესი და ბრაზი ჰქონდა ივანიშვილს და ღარიბაშვილი დაიჭირეს, კალაძე კი გადარჩა. ბაღებიდან და უფასო სასადილოებიდან რომ ფულს მოიპარავ, რა ადამიანობა და ქრისტიანობა, ცხოველი ხარ ჩვეულებრივი. ასეთი დამოკიდებულება აქვს პროკურატურას, „ქოლ ცენტრებს“ ვითომ ებრძვის და მაინც მუშაობს. გვარაკიძე გადაიქცა ივანიშვილის პირადი ბოღმების და პირადი ანგარიშსწორებების ინსტრუმენტად“,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, მან 26 ივნისს ჩანიშნულ პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პრემიერთან ბევრი კითხვა ექნება, ვინაიდან პრემიერი არის „მატყუარა“.
„კითხვები იქნება. ძალიან ბევრი კითხვაა დაწყებული პოლიციის განყოფილებაში წამებით და დასრულებული კორუფციით, მისი ტყუილებით. კობახიძე არის მატყუარა! ხალხს შეჰპირდა ფასების შემცირებას და არ შემცირებულა. დაჰპირდა ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს და არ განხორციელდა. კორუფციასთან ბრძოლას შეჰპირდა ხალხს და კორუფციაში იხრჩობა კობახიძე და მისი გუნდი“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს განხილვა და საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ასეთი გადაწყვეტილებები ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია“.
„რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ბალანსი ქვეყანაში დარღვეულია. არ არსებობს არანაირი ურთიერთგადაზღვევის მექანიზმები. პარლამენტი, სასამართლო, მთავრობა ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. ჯერ კიდევ ის, რომ ადამიანების თავისუფალი სუნთქვაა შესაძლებელი, ეს ოპოზიციური მედიის, ხალხის დამსახურებაა, რომელიც ამ ქვეყანაში იმ რეჟიმს არ ეგუებიან, რომლის დამყარებასაც ცდილობს ივანიშვილი.
არანაირი დოკუმენტი არ იარსებებს, თუ შესაბამისი რეალობა არ იქნება. ეს რეალობა დამდგარია, როდესაც მიმდინარეობს მართლმსაჯულების გამოყენება თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, თავისუფალი სივრცეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.