ნიკოლოზ სამხარაძე - PACE-ს რეზოლუციაში არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოს ბოლო 12 თვეში ჰქონდა - არ დავბრუნდებით PACE-ში!

ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დოკუმენტს ხმას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციით ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი საქართველოში განხორციელებული ვიზიტი არაფრის მომტანი იყო.

ამასთან, როგორც სამხარაძე აღნიშნავს, “არანაირი გამართლება აღარ აქვს მათ მოთხოვნას, რომ საქართველო PACE-ში დაბრუნდეს”.

„რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეზოლუციას ხმას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა, არაფრის მომტანი იყო და ეს იყო უბრალოდ ვიზიტი იმისთვის, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ.

ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, PACE-ს წარმომადგენლები, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია PACE-ში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის „დრაფტში“ წერია, რომ PACE ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ PACE-ში ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო PACE-ში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები PACE-ს მიერ არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე