ვეთანხმები იმას, რომ დაირღვა [საპროტესტო აქციებზე] ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2025 წლის ანგარიშს წარადგენს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გვარაკიძის თქმით, აქციის მონაწილეების მიმართ მომხდარი ძალადობის საქმეზე დაკავებული არიან კონკრეტული პირები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეთანხმება ფაქტს იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ადამიანის უფლებები დაირღვა.
„მე ვეთანხმები იმას, რომ დაირღვა [საპროტესტო აქციებზე] ადამიანის უფლებები. ამას რომ არ ვეთანხმებოდე და რომ არ იყოს ეგ აღიარებული ფაქტი ჩვენს მიერ, ჩვენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშიც არ მივცემდით პირებს. რადგან გვყავს დაზარალებულები და რადგან სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რა თქმა უნდა, ვამბობ და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ ამ ქმედებით დაზარალდნენ კონკრეტული პირები, რომელსაც მოჰყვა სათანადო რეაგირება და ხუთი პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული ამ საქმეზე.
ესენი არიან ის პირები, ვისზეც შესაძლებელი გახდა მტკიცებულებების შეგროვება და ასევე იმასაც გეტყვით, რომ გამოძიება ამ საქმეზე არ არის დასრულებული და ეს ხუთი პირი ჩემი გენერალური პროკურორობის პირობებში იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
საქმეზე ისევ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თუ სხვა პირებზეც დადგინდება და გვექნება მტკიცებულებები სხვა პირების მიმართ, აუცილებლად განვაგრძობთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს”, - განაცხადა გვარაკიძემ.
მან ასევე უპასუხა გიგა ფარულავას მეორე შეკითხვას, რომელიც გორში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კონტექსტში ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ საქმეზე გამოძიებას ისევ ვაგრძელებთ. დღემდე გამოკვეთილი არ არის რომელიმე კონკრეტული ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და აქაც მინდა ისევ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი არ ითვალისწინებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური და იმ პირების მიმართ, ვისზეც ჩვენს მიერ შეგროვებული იქნა მტკიცებულებები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და დაწყებულ იქნა დევნა, ხოლო მარტო იმის გამო, რომ უფროსი არსებობს და მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მანაც უნდა ჩაიდინოს დანაშაული ან ჩვენ უნდა დავადგინოთ, რომ ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა გვარაკიძემ.