ქალბატონი ნინო ლომჯარია “გახარიების” ბელადთან, გიორგი გახარიასთან ერთად 20 ივნისს ერთ ოთახში იმყოფებოდა. მათ შორის, ესწრებოდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მის მიერ გაცემულ ბრძანებებს. მასთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, ესეც დადასტურებული ფაქტია, თვითონვე აღიარა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გორდულაძის თქმით, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ 20 ივნისის საქმეზე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშში არ არის ისეთი ჩანაწერი, რომელიც გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. მისი შეფასებით, ლომჯარია მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გამართლებას შეეცდებოდა, რადგან ისინი გვერდი-გვერდ იყვნენ.
“როდესაც ვინმე საუბრობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, სასამართლო სისტემასა თუ პროკურატურაში პოლიტიკურ გავლენებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ მიზანმიმართული თავდასხმაა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის კლასიკური მაგალითი.
როგორ შეიძლება, არ გავიხსენოთ 2020-2021 წლები, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად დასვა ე.წ. მედიატორის წინაშე, თუ საიდან გაჩნდა შარლ მიშელის თავსმოხვეული შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტად გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელიც პირდაპირ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” აძლევდა შესაძლებლობას, რომ მათი მართული, მათი გავლენების ქვეშ მყოფი გენერალური პროკურორი არჩეულიყო, აღმოვაჩინეთ, რომ ეს თურმე “ნაცმოძრაობას” გონებაში არ მოსვლია და ვერც მოუვიდოდა იმიტომ, რომ მათ გადაწყვეტილების მიღებისა და ფიქრის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ეს იყო პირდაპირ გარედან მიღებული მითითება, გარედან დაყენებული საკითხი.
ეს ყველაფერი რომ უზრუნველგვეყო ჩვენ, მივიღებდით გენერალურ პროკურორს, რომელიც იქნებოდა პოლიტიკურად მართული ისევე, როგორც ეს იყო სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია, რომელთან დაკავშირებითაც, მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ დადასტურებული ფაქტია, ქალბატონი ნინო ლომჯარია “გახარიების” ბელადთან, გიორგი გახარიასთან ერთად 20 ივნისს ერთ ოთახში იმყოფებოდა. მათ შორის, ესწრებოდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მის მიერ გაცემულ ბრძანებებს. მასთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, ესეც დადასტურებული ფაქტია, თვითონვე აღიარა.
ქალბატონ თეას დასჭირდა შესაბამისი საშუალებების გამოყენება დარწმუნებისა თუ გამოკითხვისა და ამ ხერხების გამოყენებით მან [გიორგი გახარიამ] აღიარა, რომ დიახ, მის გვერდით ელჩი იმყოფებოდა. და რა გასაკვირია ის, რომ ქალბატონ ნინო ლომჯარიას დასკვნაში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არაფერი იქნებოდა ჩანაწერი და არც არის. ის შეეცდებოდა, რომ გაემართლებინა ის ადამიანი, რომელიც გვერდით ეჯდა მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა.
სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ორი დღის განმავლობაში თქვენ [ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს მიმართავს] მთელი პიარ-კამპანია გაქვთ აწყობილი აბსოლუტურ ტყუილსა და სიცრუეზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა გიორგი გახარია. ორი ვარიანტია - ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე და არ იცით, როგორ იწერება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომ ერთი არის ფაქტობრივი მდგომარეობების აღწერა, თუ რა მოხდა და რა მტკიცებულებები არსებობს ან რას ეყრდნობა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ან ბოლომდე მიუყვანელი საქმეები და მეორე არის უკვე შეფასება სტრასბურგის სასამართლოსი.
სტრასბურგის სასამართლომ აღწერილობით ნაწილში აღწერა ნამდვილად, რომ ნინო ლომჯარია, რომელიც გიორგი გახარიასთან ერთად იყო გვერდით, ამბობს და აცხადებს, რომ მან ვერ დაადასტურა და ვერ მოიკვლია ვერანაირი ფაქტი, რომ გიორგი გახარიას რაიმე ბრძანება გაეცა. ამავდროულად, თვითონ გიორგი გახარია მანამდე რომ ყელყელაობდა, ეთერ-ეთერ დადიოდა და და საუბრობდა, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, ყველა სამართალდარღვევაზე, ყველა გადაცდომაზე, ყველა დანაშაულზე ის იყო სრულად პასუხისმგებელი, გამოძიების წინაშე როგორც კი წარდგა, პირდაპირ დაიწყო დასახელება და გადაბრალება, რომ კონკრეტულმა პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული და მე არაფერ შუაში არ ვარო. მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემის კონტექსტში.
ამ ყველაფერს ერთად სტრასბურგის სასამართლომ გაუკეთა შეფასება, მათ შორის, დიდმა პალატამ, რომ არ არის სრულად გამოძიებული 20 ივნისის საქმე. არა თუ გაამართლა სტრასბურგის სასამართლომ გიორგი გახარია, პირიქით, დარღვევა დაადგინა, რომ არ არის გამოძიებული მისი დანაშაულებრივი ქმედებები რამდენად იყო 20 ივნისის საქმეში.
თავი დაანებეთ თქვენი ბელადის “გაპრავებას”. ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ სხვა არაფერია თქვენი უბადრუკი მცდელობები.
ბატონო გიგა [ფარულავა], რომ იცოდეთ, ალბათ გიმალავენ, რომ ორ თავდასხმასთან დაკავშირებით გიორგი გახარია არის დაზარალებულად ცნობილი და გამოძიება მიმდინარეობს ამაზე. ამ გამოძიების ფარგლებში რა დანაშაული გამოვლინდება და ვისი დანაშაული გამოვლინდება, ვნახოთ”, - მიმართა გორდულაძემ ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს.