მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების შემოღებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიულ კოლაფსზე, ოლიგარქ ივანიშვილით დაწყებული, - ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ ევროპის საბჭოში განაცხადა.
მან საქართველოში შექმნილ ვითარებას, არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ საგანგებო მდგომარეობა უწოდა და ხელისუფლება ქართველი ერით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, არასდროს უნდა აგვერიოს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი, რადგან ქართველ ხალხს ხელი არ ჩაუქნევია ევროპაზე და „ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე”.
“ყველამ ვიცით და ვშიშობთ, რომ საქართველო არა უბრალოდ პოლიტიკური კრიზისის, არამედ დემოკრატიისთვის საგანგებო ვითარების წინაშე იმყოფება. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, თუ სად სურთ, რომ მათი ქვეყანა წავიდეს. მათ სურთ ევროპული მომავალი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები.
თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობამ ძალიან განსხვავებული გზა აირჩია. ისინი მთელი ერით მანიპულირებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს და, ამავდროულად, ქვეყანას სულ უფრო აახლოებენ მოსკოვის ორბიტასთან. “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების საუბრები, რეპრესიული კანონები მიიღო, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო საზოგადოება, დაემუქრა და დევნა დაიწყო ოპოზიციური პარტიების. ისინი სასამართლოებსა და პოლიციას არა, როგორც ნეიტრალურ ინსტიტუტებს, არამედ, როგორც პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტებს იყენებენ. მათ დაუშვეს, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას, როგორც რუსეთის უკანა კარი, რათა თავი აარიდოს სანქციებს, რომლებიც უკრაინაში მისი ომის შედეგია.
ოპოზიციური ლიდერები დააპატიმრეს, დემონსტრანტები სცემეს და მათი ხმები დააშინეს. ელენე ხოშტარია პოსტერზე “რუსული ოცნება” წარწერისთვის დააპატიმრეს. ახლა ის სულ უფრო სუსტდება ციხის საკანში, მაშინ, როდესაც მისი ოთხი შვილი სახლში არიან და ფიქრობენ ოდესმე დაინახავენ თუ არა თავიანთ დედას სახლში.
საქართველოში სხვა ოპოზიციონერების გრძელი სიაა, ზოგიერთი კოლეგებმა უკვე ახსენეს, რომლებიც დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ ფართო კამპანიის ფარგლებში დააპატიმრეს. ეს არ არის მთავრობის საქციელი, რომელიც დარწმუნებულია ხალხის მხარდაჭერაში, ეს მთავრობის საქციელია, რომელსაც მათი ეშინია.
ევროპის საბჭო ცხადი უნდა იყოს - უნდა მოვითხოვოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაწვევა, მოვუწოდოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვისკენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სანდო გზისკენ.
მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების შემოღებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ დემოკრატიულ კოლაფსზე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და მათით, ვინც აგრძელებენ საქართველოს საჯარო ცხოვრებაზე მისი მოჭიდების მხარდაჭერას. და არასდროს უნდა აგვერიოს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს ხელი არ ჩაუქნევია ევროპაზე, ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე”, - განაცხადა მაკკლირიმ.