გაგრძელდება საერთაშორისო და შიდა წნეხი და ვინ აჯობებს - ეს ამბავია. კობახიძისა და ივანიშვილის გაუტეხელი სურვილია, რომ დიქტატურა დაამყარონ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიღებულ რეზოლუციებს „ჩალის ფასად“ მოიხსენიებენ, სინამდვილეში ჩალის ფასი არ აქვს და მათთვის ეს მძიმე ტვირთია.
„ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები გაოცებას გამოხატავენ, რაც ფსევდო გაოცებაა. კობახიძესაც და გუნდის სხვა წევრებსაც ბევრჯერ გაუვლიათ ეს საკითხი, როცა დიდი პროდასავლელები იყვნენ და მათ კარგად იციან, რომ საქართველოს, როგორც შუა აზიურ სახელმწიფოს, ისე არ აღიქვამენ.
სტაბილურობა ვერ იქნება ქვეყანაში თუ დემოკრატია არ იქნება. ხალხის დაკვეთაა დემოკრატია და [ახლა] ჭიდაობა და ბრძოლაა. ივანიშვილს დიქტატურის ლეგიტიმაცია სურს და უნდა, რომ დასავლეთი შეაჩვიოს და შეაგუოს, რომ ეფექტური და აქტიური მებრძოლი არ იყოს, ამიტომ სჭირდება თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის განადგურება.
სანამ ამ ჭიდაობაში ვიქნებით, მუდმივად იქნება რეზოლუციები, მუდმივად გამოვა კობახიძე და იტყვის, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, კარგად ვხედავთ, რომ არ აქვს ჩალის ფასი და ძალიან დიდი ტვირთი აწევთ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. რეჟიმის წარმომადგენლებს უკან დასახევიც არ აქვთ.
შსს-ს რეალური მმართველი არიან ადამიანები, თამაზაშვილი და დარახველიძე, რომლებიც არიან სანქცირებულები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით და სანამ ესენი შსს-ს ხელმძღვანელები არიან, რა უნდა შეიცვალოს?
გაგრძელდება საერთაშორისო და შიდა წნეხი და ვინ აჯობებს, ეს ამბავია.
კობახიძისა და ივანიშვილის გაუტეხელი სურვილია, რომ დიქტატურა დაამყარონ. რომ არ ვიბრძოდეთ, საქართველოს საკითხი აქტუალური არ იქნება და მუდმივად რეზოლუციებიც არ იქნებოდა მიღებული“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.