რატომ გაქრა გზავნილები აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე - ვექტორის გადატანა ევროკავშირზე
კიევის “დრონების სტრატეგია” - უკრაინა რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროების პარალიზებას ცდილობს
ჰორმუზის სრუტეში გემებმა მოძრაობა განაახლეს - აშშ-ირანის შეთანხმების პირველი შედეგი
* * *
რატომ გაქრა გზავნილები აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე - ვექტორის გადატანა ევროკავშირზე
“ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკაში ბოლო დღეებში შესამჩნევად შემცირდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის “გადატვირთვაზე” საუბარი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ კრიტიკული შეფასებები გააკეთა. პარალელურად, მმართველი გუნდის ყურადღება ევროკავშირის მიმართულებით გააქტიურდა და ბრიუსელთან დიალოგის აღდგენის მცდელობები უფრო თვალსაჩინო გახდა. ევროკავშირთან დიალოგის განახლების კუთხით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრებიც გამართა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებთან, ხოლო “ოცნების” ლიდერები ევროპულ ინსტიტუტებთან დიალოგის განახლების გზების ძიებაზე საუბრობენ. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი დიდი ალბათობით იმიტომ შეწყდა, რომ შედეგი ჭიანურდება ვაშინგტონიდან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ აშშ-დან ვიზიტები სინამდვილეში ინფორმაციის შეგროვებისთვის იყო და ვაშინგტონმა სიტუაცია მკაცრად შეაფასა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ გაქრა გზავნილები აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე - ვექტორის გადატანა ევროკავშირზე.
“შედეგი რომ ჭიანურდება, გადატვირთვაზე საუბარი ბუნებრივია შეწყდება. საქართველოდან შედეგი ვერ გაჭიანურდება, უფრო ალბათ ამერიკას არ აქვს რაიმე სიახლეები მიმართულებით და შეიძლება დიდად არც ინტერესები არ აქვს. იყო შეხვედრები და ისიც არ თქმულა რომ უკმაყოფილება გამოითქვა. პროცესი უფრო დამუხრუჭებულია, ვიდრე უარყოფილი. არ ვუწევთ ანგარიშს იმას, რომ შეიძლება აშშ-ს უფრო ბევრი მოტივი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ. ჩვენთვის სასურველია ამერიკასთან კონტაქტი და ამერიკა ურთიერთობათა რაღაც ქსელშია ჩართული და თუ ამ ქსელში შენთან ურთიერთობა სირთულეებს შეუქმნის, მაშინ ჯერ მთლიანად საქართველოს პოლიტიკურ კლასტერს უნდა მოუაროს და მერე მოუბრუნდეს ქვეყანას. უამისოდ თავად გაუჩნდება პრობლემები, ლოგიკა ამას გვკარნახობს, კონკრეტულად რაშია საქმე, ამის თქმა მიჭირს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“არაა გამორიცხული ჩინეთი ითხოვდეს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ ტიპის გააქტიურების ლოგიკა, რამდენჯერმე გაჟღერებული იყო, როგორც ხელისუფლების, ისე მისი ოპონენტების მხრიდან. ეს კურსი აღებულია იმისთვის, რომ ხიდის ფუნქცია შევასრულოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ვაღრმავებთ კავშირებს იგივე ჩინეთთან, მაგრამ თუ ჩინეთსაც უნდა, რომ შენ ხიდი იყო, მაშინ ჩინეთი მოგთხოვს, რომ ხიდი რომ იყო, მაშინ ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა მოახერხო. არაა გამორიცხული, რომ პარტნიორებიც ითხოვენ იმას, რომ ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდეს. ყველა ქვეყანა ეცდება, რომ შენთან ურთიერთობაში ისე შემოვიდეს, რომ შენ იმას პრობლემებს არ უქმნიდე, ამიტომ ყველა მოითხოვს, რომ სადაც დაძაბული ურთიერთობები გაქვს მოაწესრიგო, რომ შენთან კავშირის მერე პრობლემები არ შეიქმნას”, - დაასკვნის საყვარელიძე.
“ძალიან არაკომპეტენტურები არიან და ჰგონიათ, რომ გადატვირთვაზე ლაპარაკი დადებითი მოვლენაა. როცა ამერიკელების გარკვეული ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოვიდნენ ერთი მეორეს მიყოლებით, როგორც ექსპერტების, ჩათვალეს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეძებდა. სინამდვილეში ეს ვიზიტები ინფორმაციის შეგროვებისთვის იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაეგოთ რა ხდება საქართველოში, გაეგოთ “ოცნების” პოზიციები. არ გამოვრიცხავ იყო გულახდილი დიალოგი, რათა მეტად გაეხსნათ ქართული მხარე და მაქსიმალურად წაეღოთ ინფორმაცია. მერე უკვე ყველამ ნახა, რომ აშშ სიტუაციას ძალიან მკაცრად აფასებს - აშშ არ ენდობა “ოცნებას” განსაკუთრებით იმის გამო, რომ თამაშობს ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან. ამასთან, ევროპის მიმართ დაუფარავი და დაუნდობელი კრიტიკა აქვთ. დანიას ადამიანის უფლებების დარღვევაზე გადაუარეს და ირანში ყოველდღე ადამიანებს ხოცავენ და სიკვდილით სჯიან, მაგაზე ხმას არ იღებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ყველანაირად ჩანს “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტები, თან კონსტიტუციაში უწერია მივდივართ ნატო-სა და ევროკავშირში. ამ დროს, უნდათ ჰქონდეთ დიფერენცირებული ურთიერთობა. როგორ ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობა უნდა და ჩვენ არაო? იმიტომ, რომ შენ ხელი მოაწერე, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ევროკავშირის შესაბამისი იქნება და ამ დროს შენ ამას არ აკეთებ. ედრებიან აზერბაიჯანს, რომელსაც ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს და აზერბაიჯანი სხვა კლასშია, ის ევროკავშირსა და ნატო-ში არ მიდის და მათთან სულ სხვა კატეგორიის ურთიერთობები აქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ევროკავშირში მიდის და ბლოკიდან ყველანაირ მხარდაჭერას იღებდა. ევროკავშირს ვაბრალებთ, რომ ჩვენს ომში ჩართვას ითხოვენო და როგორ ითხოვენ, როცა აქ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მისია ჰყავთ წარმოდგენილი, რათა რუსეთმა საომარი მოქმედებები არ დაუშვას!?” - განმარტავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
“სრული ფარისევლური დამოკიდებულებაა რეალობის მიმართ, მსოფლიოში ეს არავის არ ეპატიება. სახელმწიფო სტატუსის შესაბამისად უნდა მოიქცეს, ხარ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო? მოიქეცი ისე, როგორც მოლდოვა იქცევა. ხარ ნატოს ასპირანტი? შესაბამისად მოიქეცი. მაგრამ მათ ევროკავშირი და ნატო არ უნდათ, ამას მალავენ და ამერიკელები მიხვდნენ. აშშ-დან “ოცნებას” უფრო მეტს ეუბნებიან, ვიდრე საჯარო განცხადებებია და ამერიკა მათ ფარისევლობას კარგად ხვდება... თუ ამერიკასთან არ ვალაგებთ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში - მათი ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა, რომ ევროკავშირში მივდივართ. შესაბამისად, თუ უარი თქვეს, ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა მათ ხმას აღარ მისცემს და გულის აყრა ექნებათ, ამიტომ ამ ამომრჩევლის გადასარჩენად მუდმივად ფარისევლობენ, რათა თავის ხალხს ვითომ დაუდასტურონ, რომ მიმართულებას არ იცვლიან.
“თუ იტყვიან, რომ ევროკავშირისკენ არ მივდივართ, ამას ამომრჩეველი არ აპატიებს, მით უმეტეს არჩევნები მოდის, არჩევნებისთვის მარტო ოპოზიცია არ ემზადება, თორემ “ქართული ოცნება” დიდი ხანია ემზადება, ახლა მისი მთავარი ფუნქციაა როგორმე არჩევნებამდე მიგორდეს და ამომრჩეველმა არ დააბრალოს, რომ ევროკავშირზე უარი თქვითო. “ქართულ ოცნებას” ორი დიდი ოცნება აქვს, პირველი, ისე მოიქცეს, რომ ევროკავშირმა თავად უთხრას უარი გაწევრიანებაზე და თქვას, რომ მე რა შუაში ვარო და მეორე, რუსეთმა წაართვას საქართველოს “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი ისე, რომ თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, დამნაშავე სააკაშვილიაო, ანუ ევროკავშირისგანაც დაისვენოს, ცხინვალისგანაც და სოხუმისგანაც”, - ამტკიცებს პაატა ზაქარეიშვილი.
კიევის “დრონების სტრატეგია” - უკრაინა რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროების პარალიზებას ცდილობს
“უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ელექტროსადგურებზე მიტანილი ბოლო იერიშები აჩვენებს, რომ კიევის შორ მანძილზე მოქმედი დრონების სტრატეგია ახალ ფაზაში შედის. ყირიმში გამოწვეული კრიზისი და რუსეთის სიღრმეში პარალიზებული საწარმოები ადასტურებს, რომ უკრაინა წარმატებით ახერხებს ომის ეკონომიკური ფასის უშუალოდ მოსკოვისთვის დაკისრებას. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოთხშაბათს, უკრაინული დრონების თავდასხმამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის უდიდეს ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. თავდასხმის ობიექტები ცენტრალური და სამხრეთ რუსეთიც იყო. მიმდინარე წელს უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საცავებსა და მომარაგების მარშრუტებზე დარტყმები გაამკაცრა. ამან რუსეთში ბენზინზე ფასების ზრდა გამოიწვია, რის გამოც ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა. საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ ყირიმის ნახევარკუნძულზე იგრძნობა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კიევის “დრონების სტრატეგია” - როგორ ცდილობს უკრაინა რუსეთის ომის დაფინანსების წყაროების პარალიზებას.
“სევასტოპოლის გუბერნატორმა მიმდინარე კვირაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კაფეების ადრეულად დაკეტვის განკარგულება გასცა - დრონების ბოლო ტალღამ ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ დრონებმა ყირიმში, სევასტოპოლის ელექტროსადგურის მთავარ ქვესადგურზე მიიტანეს იერიში. ნახევარკუნძულს ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, კიევში კი აცხადებენ, რომ მას არასდროს დათმობენ. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის თქმით, უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ სამრეწველო ობიექტი დააზიანა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მდებარეობს “ნორსი” - რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. როიტერსის ინფორმაციით, ეს არის ცენტრალურ რუსეთში მდებარე ერთ-ერთი იმ მრავალ მსხვილ საწარმოთაგან, რომლებმაც მაისში, დრონების თავდასხმების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერეს ან გამოშვებული პროდუქციის მოცულობა შეამცირეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 323 დრონი ჩამოაგდეს. მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრზე მეტით დაშორებული ორენბურგის ოლქის ხელისუფლებამ კი აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები სამრეწველო ობიექტის თავზე გაანადგურეს. უკრაინული მხარის განმარტებით, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის სტრატეგია მიზნად რუსეთის ომის დაფინანსების მთავარი წყაროს გამოფიტვას ისახავს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმის ჩვენებას ემსახურება, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ოთხწლიანი კონფლიქტი მათგან შორს აღარ არის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევი რუსულ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ დარტყმების შედეგების შესამსუბუქებლად დამატებით ზომებს მიიღებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის, თუმცა უკრაინაში რუსული თავდასხმების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მსხვერპლია რუსეთის ტერიტორიაზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო ბელგოროდის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ქალი დაშავდა. პარალელურად, ოთხშაბათს, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო `როიტერსი~ აცხადებს, რომ ბოლო დარტყმების შესახებ გავრცელებული დეტალების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია”, - დასძენს გამოცემა.
ჰორმუზის სრუტეში გემებმა მოძრაობა განაახლეს - აშშ-ირანის შეთანხმების პირველი შედეგი
“ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის შემცირების ნიშნები იკვეთება - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ საერთაშორისო გემებისგან აღარ მოითხოვს არანაირ გადასახადს ან მოსაკრებელს. პარალელურად, გაეროს საზღვაო სააგენტოს მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმის ფარგლებში, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილმა ხომალდებმა სრუტის გავლა უკვე დაიწყეს, რაც რეგიონში ომის დასრულებისკენ გადადგმულ პირველ პრაქტიკულ ნაბიჯად განიხილება. ორ ქვეყანას შორის ორშაბათს შვეიცარიაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, თუმცა მხარეები ირანისთვის განკუთვნილი ფინანსური სტიმულირების, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისა და ლიბანში მიმდინარე ისრაელის პარალელური ომის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჰორმუზის სრუტეში გემებმა მოძრაობა განაახლეს - აშშ-ირანის შეთანხმების პირველი შედეგი.
“აღნიშნული საკითხები გასულ კვირას გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების მთავარ ასპექტებს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა. აღნიშნული შეთანხმების გამო ტრამპი ქვეყნის შიგნით კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მათ შორის, საკუთარი, “რესპუბლიკური პარტიის” რადიკალური ფრთის მხრიდან. “ირანმა აშშ-ს შეატყობინა, რომ “ყალბი ახალი ამბების” გავრცელებული დეზინფორმაციის საპირისპიროდ, ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან ირანი არანაირ გადასახადს, დაზღვევის ხარჯს თუ სხვა სახის მოსაკრებელს არ ითხოვს და არც იღებს”, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. “საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის” პრესსპიკერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტიდან გემების ევაკუაცია მიმდინარეობს და გემებმა ჰორმუზის სრუტის გავლა დაიწყეს გაეროს ნაოსნობის სააგენტოს ახალი გეგმის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ხომალდების ევაკუაციას ითვალისწინებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ინიციატივა, რომლის შეთანხმებასაც თვეები დასჭირდა, სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ასობით გემსა და დაახლოებით 11 000 მეზღვაურს ჰორმუზის სრუტის გავლის საშუალებას მისცემს, ამ გეგმის ფარგლებში გემებმა სრუტის გავლა უკვე დაიწყეს”, - აღნიშნა “საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის” პრესსპიკერმა ოთხშაბათს, თუმცა უარი თქვა იმ ხომალდების შესახებ დეტალების გამჟღავნებაზე, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს აღნიშნული ზონა. გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 საათის განმავლობაში აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჰორმუზის სრუტე მინიმუმ ორმა ტვირთმზიდმა და ერთმა სატვირთო გემმა გაიარა. “როიტერსის” ანალიზი აჩვენებს, რომ კიდევ სულ მცირე 35 კომერციული ხომალდი -ძირითადად ტვირთმზიდები, სატვირთო და საკონტეინერო გემები სრუტის გასავლელად ემზადება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ეს ხომალდები შედარებით მცირე ზომის კომერციული გემებია, მათ შორის ხუთი მცირე ნავთობტანკერი, სანაპირო დაცვის ხომალდები და ბუქსირები. გეგმის მიხედვით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც აშშ-მა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს, გემებს ტერიტორიის დასატოვებლად ორი კორიდორის გამოყენება შეეძლებათ: ჩრდილოეთ მარშრუტის - ირანის წყლების გავლით და სამხრეთ მარშრუტის - “ომანის სასულთნოსა და აშშ-ის მიერ კოორდინირებული წყლების” გავლით. გემები გზის გაგრძელებამდე მითითებებს უნდა დაელოდნონ. მოლოდინის ზონის გადატვირთვა, ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ შემდგომი შეტყობინებების დროებით შეჩერებას გამოიწვევს”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც ოთხშაბათს გავრცელდა", - დასძენს გამოცემა.