გრიგოლ გეგელია - ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ

ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.

როგორც გეგელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რეზოლუციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო ქვეყანა შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ევალება.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელი, მაგრამ „ქოცი“ ნიშნავს დაშორდე ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული. პრაქტიკულად, ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას წინა რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია“,-განაცხადა გეგელიამ.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპის საბჭო მოითხოვს, რომ კრიზისის დასაძლევად ჩატარდეს ახალი, კონკურენტული და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაუქმდეს ანტიდემოკრატიული კანონები.

როგორც გეგელია აღნიშნავს, „ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო ანტიქართული მომენტიდან გამოსავალი არის ის, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს“.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე