მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის კვლავ თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, შემდეგ მშვიდობას და საქართველოს. ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ასეთმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა არა მხოლოდ ის არ იციან რა საზრუნავი, ფიქრები და ოცნებები აქვს ქართველ ხალხს, „ისეთი საბაზისო საკითხიც არ სცოდნიათ, როგორიც ქართულ სუფრასთან სადღეგრძელოების თანმიმდევრობაა”.
„სინამდვილეში ამან გვაჩვენა და დასვა დიაგნოზი რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის. ის კი არა, რომ არ იციან, რა ეკონომიკური საზრუნავი აქვს ხალხს, რა პოლიტიკური საზრუნავი აქვს, რა შიშები აქვს, ოცნებები აქვს, რაზე ფიქრობენ, არა თუ ეს არ იციან, ელემენტარული საბაზისო საკითხი არ იციან და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. მადლობა მას ამისთვის, მან ფაქტობრივად მთავარი სათქმელი უკვე თქვა და საბოლოოდ დასვა აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი. რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ვინმეს წარმოადგენენ, ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც მათ მოსდით კამათი ერთმანეთთან, არის კამათი არა იმაზე, როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ იმაზე, ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, სადაც რეგიონებში ქართულ სუფრასთან სადღეგრძელოებზე ისაუბრა. „პირველ ადგილზე პატრიარქის და რწმენის სადღეგრძელოს სვამენ, მეორეზე - მშვიდობის, ხოლო მესამედ - სადღეგრძელოსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ქართველებისაა და მისი ბედი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.