რუსეთი მუდმივად ცდილობს დაიპყროს ქვეყნები, ანექსია მოახდინოს, ეს ხდება საქართველოს შემთხვევაშიც - ახლა, ასეთ ვითარებებში ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ [დახმარება] ? ევროსაბჭოში, პრაქტიკულად, აღარ არიან, ამერიკელებთან საკმაოდ ცუდი ვითარება აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, არ ამართლებს რუსეთთან თავის დახრის პოლიტიკა და საჭიროა პრინციპული პოზიციის ჩამოყალიბება.
„ისტორიულად დადასტურებული და ნაჩვენებია, რომ ოპერირების იმ მოდელთან, რაც რუსეთს აქვს არჩეული და რომლითაც სულდგმულობს, არ ამართლებს რუსეთთან თავის დახრა. ასეთი დემაგოგია აქვთ, რომ აი ამხელა ტერიტორიები გვაქვს, არაფერი გვჭირდება, მაგრამ მუდმივად ცდილობენ დაიპყრონ სხვა ქვეყნები, შემოიერთონ, ანექსია მოახდინონ და ოკუპაცია. ეს ხდება საქართველოს შემთხვევაშიც. რუსეთისთვის მიუღებელია საქართველო იყოს დამოუკიდებელი და დასავლური, საქართველო უნდა იყოს რუსეთზე დამოკიდებული, ეს არის მათი დოქტრინა.
[ქართული მხარის მიერ] არის უმოქმედობა, ხმას არავინ იღებს. წარმოიდგინეთ, საკანონმდებლო ორგანოში, მათი ლიდერები ყოველდღე აგინებენ ევროპას. რა არის ეს? რით განსხვავდება ეს მოდელი იმისგან, რასაც რუსეთში აკეთებენ. ასევე, კარგი სიტყვა გაგიგონიათ რუსეთის დუმის ხელმძღვანელობისგან? რა მოაქვს ამ პოლიტიკას, რომ არ ლანძღავენ რუსეთს?! ლანძღვაში არ არის საქმე, არ უნდა გალანძღო, მაგრამ პრინციპული პოზიცია უნდა ჩამოაყალიბო
ახლა, ასეთ ვითარებებში, ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ მეორე მხარეს არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ [დახმარება], ევროსაბჭოსთან პრაქტიკულად აღარ არიან, ამერიკელებთან გაუგებარი ვითარება აქვთ, საკმაოდ ცუდიც. წინ ეუთოს სესიაა, იქაც უთქმელად არ გამოვა. ეუთომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ეს ხელისუფლება, როდესაც „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. საქართველო ყველას უყვარს, ის მდგომარეობა არ მოსწონთ, რაც აქ არის“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
გარდა აღნიშნული თემისა, გიგი წერეთელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციაც შეაფასა. გიგი წერეთელის აზრით, რეალურია რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოზე „ხელი ჩაიქნიონ“.
„არ ვიცი, ვინმესთვის მოულოდნელი თუ იყო ეს ნეგატიური და ძალიან მძიმე რეზოლუცია. აღარ მინდა იმის თქმა, თუ რამდენად სამწუხარო ვითარებაა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ესმის საქართველოს ამ ნეგატიურ საბურველში გახვევა, სულ კრიტიკა და ზეწოლა.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ გაბოროტებული გვებრძვის დასავლეთი - არა!
რეზოლუციებში ფაქტებია ჩამოთვლილი. პოლიტიკური დევნა არ არის? აქტივისტები არ არიან საპატიმროში? არ იჭერენ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო?! არაფერი არ შეცვლილა. არც რეპრესიები შეწყვეტილა, არც პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებულან. თუ რაიმე მზადებას ხედავს ვინმე დემოკრატიული არჩევნებისთვის, ამის პირობებს ვერ ვხედავთ. კარგია, როდესაც ოპოზიციონერები არიან, ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ კარგად დაფიქრდნენ, კარგი ანალიზი გააკეთონ, პირველი პირებისგან მოისმინონ რა ხდება. ასე არ ხდება, თან ვიძახო თქვენთან ვარ და თან არაფერს ვასრულებდე, რასაც მთხოვ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათი პოლიტიკა არის შანტაჟი. ეს ეხება ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილების მიმღები ხალხი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ერთი და იგივეა, ამავე დროს საუბრობენ უცხოელებთან რომ ევროკავშირი უნდათ. აქვთ პოლიტიკა, რომ თუ ისეთს არ მიმიღებ, როგორიც მე ვარ, აგერ, მაქვს ირანი, ჩინეთი, რუსეთი და ისეთ სივრცეში ვიქნები ლაღად, სადაც დემოკრატიული მოთხოვნები არ არის. ეს ყველაფერი აცდენილია საზოგადოების სურვილებთან.
ჩვენ გვაქვს ინტერესი, ვიყოთ იქ, სადაც არის ყველაზე მეტი დაცულობაა, განათლებაა, კურორტები, ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლე ადამიანებისთვის, სადაც ცხოვრების დონე მაღალია. ეს ადამიანები რობოტებივით არიან დაყოფილები, რასაც დაუწერენ კონსულტანტები იმ გზას ადგანან. ფულის მეტი რა აქვთ, „თეთრიც“ და „შავიც“. ეს არის დაწერილი, უნდა ებრძოლონ ევროპას!
ეს რეზოლუციებიც ხომ რუსეთის წარმატებაა იმ მიმართებით, რომ არ სურთ საქართველო დამოუკიდებელი იყოს, საქართველო უნდა იყოს მისი ვასალი. რაც არ უნდა პირში გეფერონ, სუფრაზე გეხუტებოდნენ, მათი ამოცანები სხვა არის. მათი განცხადებები არის მავნებლური, ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამო! დიახ, შესაძლებელია, ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოზე ხელი ჩაიქნიონ“, - აღნიშნა წერეთელმა.