საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც ირლანდიური ლიტერატურის, კულტურისა და ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების პოპულარიზაციას მიეძღვნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, სხვადასხვა თაობის, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და სხვადსხვა ნომინაციებში არაერთგზის გამარჯვებული ავტორები: ლია მეტრეველი - „საქწიგნის“ გენერალური დირექტორი; ჯუბა ღებელი - გაზეთ ,,ლიტერატული საქართველოს“ რედაქტორი; თამარ შაიშმელაშვილი - ლიტერატურული ჟურნალის ,,ანეული“ რედაქტორი; ნინო უძილაური - მშენებელ-ინჟინერი, პედაგოგი; ნინო მოდრეკილაძე - ჟურნალისტი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; ლეილა გაფრინდაშვილი - ექიმი; კახა შალამბერიძე - ინჟინერი; აკაკი გაბრიჭიძე; პატრიცია დელონი - ბიზნესმენი; ნანა კვაშილავა - ფილოლოგი, კონკურს - ფეტივალის - „ქუჯი“ - ერთ-ერთი დამფუძნებელი; მაია კახიძე - ჟურნალისტი, მსახიობი; დიანა შალამბერიძე - ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი; დალი ზალიაშვილი - მეან-გინეკოლოგი, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის ლაბორანტი; თეა თაბაგარი - ფილოლოგი; ნანა შალამბერიძე - გერმანისტი, „ქართულ-ირლანდიური ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი. ასევე, ავტორები - თამარ შენგელია და თამარ გლურჯიძე.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტუის დეკანის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის და ასევე, უილიამ ბათლერ იეიტსის შემოქმედების მნიშვნელობაზე, მათი ნაწარმოებების გავლენასა და „ბლუმსდეის“ ტრადიციის საერთაშორისო მნიშვნელობაზე. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური მოხსენებები, ლიტერატურული წაკითხვები და დისკუსიები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ და ირლანდიურ კულტურებს შორის არსებულ კავშირებს, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, რაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად კულტურული, ჰუმანიტარული და საერთაშორისო ცნობიერების გაღრმავებასაც მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართულ-ირლანდიური ცენტრის მიერ ორგანიზებული „ბლუმსდეი 2026“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჯეიმს ჯოისის შემოქმედება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხოლო ბლუმსდეი დღეს უკვე საერთაშორისო კულტურულ მოვლენად არის ქცეული. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური განათლების პარალელურად ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას, ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და გლობალურ გარემოში წარმატებით ინტეგრაციას. მადლობას ვუხდი სტიმრებს, განსაკუთრებით კი ქართულ-ირლანდიურ ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში საერთაშორისო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.
ქართულ-ირლანდიური ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, „ბლუმსდეის“ აღნიშვნა ხელს უწყობს სტუდენტების კულტურული ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობასა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და განსაკუთრებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან თანამშრომლობა შემთხვევითი არ არის. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები, ინოვაციები და ჰუმანიტარული განათლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, პროფესიული კომპეტენციების პარალელურად, გაეცნონ ევროპულ კულტურას, ლიტერატურასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სადაც სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ინჟინერს, პროგრამისტს თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, უნდა ჰქონდეს ფართო კულტურული ხედვა და საერთაშორისო გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.

„ბლუმსდეი“ მხოლოდ ლიტერატურული ღონისძიება არ არის, ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ ირლანდიის კულტურა, განათლების სისტემა და ის გამოცდილება, რომელმაც ეს ქვეყანა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად აქცია. მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ირლანდიურ საგანმანათლებლო და კულტურულ თანამშრომლობას“, აცხადებს ნანა შალამბერიძე.