ბატონ პაპუაშვილს ჯობდა იმაზე ესაუბრა და აეხსნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც მიუთითა იმაზე, თუ რამდენად არასწორად და მანიპულაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადად გიორგი გახარიასთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
„ბატონ პაპუაშვილს ჯობდა იმაზე ესაუბრა და აეხსნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც მიუთითა იმაზე, თუ რამდენად არასწორად და მანიპულაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა ეს გადაწყვეტილება და აღეძრა საქმე საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებამ“, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უპირველესად ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, პირიქით გამოიყენა ადამიანის უფლებების დასარღვევად, როდესაც სრულიად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ასე რომ, ეს ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადად გიორგი გახარიასთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ყველასთვის, თუ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის როგორ შეიძლება გამოიყენოს, მათ შორის მანიპულაციურად და არასწორად, „ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, გიორგი შარაშიძემ ისაუბრა ევროპის საბჭოს მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია დიალოგზე და აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყება „ქართული ოცნების“ საქმეა.
„დიალოგი სწორი იქნებოდა - ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ დიალოგისკენ. დიალოგის დაწყება „ოცნების“ საქმეა. „ოცნებამ“ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს. როდესაც „ოცნება“ არა თუ უკან არ იხევს და საერთოდ არ სურს არანაირი ცვლილება საკუთარ პოლიტიკაში და საკუთარი წესებით, საკუთარი თამაშის წესებით სურს შევიდეს ევროკავშირში და უგულებელყოს ევროკავშირის სტანდარტები, რაც არის საბოლოო ჯამში დემოკრატიული სტანდარტები, რაც ყველას გვინდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა, მაშინ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი?
„ოცნებას“ თუ სურს დიალოგი, დიალოგისთვის მზაობა უნდა აჩვენოს ქმედებით და არა მხოლოდ იმის ძახილით, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და ამავდროულად, არაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას. ფაქტობრივად, „ოცნების“ ყველა გზავნილი არის მანიპულაცია და არანაირი კავშირი დიალოგთან არა აქვს”, - განაცხადა შარაშიძემ.