თეონა აქუბარდია - ყველანაირი ნიშანია იმის, რომ ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, რუსეთს ანექსიის გამოცხადება ერთ დღეში შეუძლია - არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენდეს „ქართულ ოცნებაზე“

ყველანაირი ნიშანწყალია იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები, მათ შორის მარიონეტულ რეჟიმში საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის წინსწრებად ველის მომზადება იმისთვის, რომ ანექსია გამოაცხადონ.

„უკვე ფაქტობრივი ანექსიაა. ე.წ. ხელშეკრულება საბოლოოდ გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის პირდაპირ მმართველობაში გადავიდეს. ამის ნიშანწყალი დე ფაქტო პრეზიდენტის თუ მარიონეტული რეჟიმის სახით არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში 2 თვის მანძილზე ორჯერ ჩავიდა. ჩემი აზრით, ეს მის ფაქტობრივ გადადგომას უკავშირდებოდა და უკვე პირდაპირ რუსეთის მმართველობის განხორციელებას. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი არის წინსწრებად ველის მომზადება იმისთვის, რომ ანექსია გამოაცხადონ. შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმები უკვე ჩატარებული აქვს რუსეთს. შესაბამისად, მას რაც რჩება სამართლებრივ-პოლიტიკურ ჭრილში ამ ანექსიის საბოლოოდ გასაფორმებლად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ანექსიის გამოცხადება და რუსეთის პრეზიდენტის სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ ცხინვალი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. ამ ვითარებაში ყველანაირი ნიშანწყალია იმისა, რომ ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. ამაზე მამუკა მდინარაძე საუბრობდა სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია შესული, თუმცა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, ჯერ განიხილოს, შემოდგომისთვის გადაიტანა. სუს-ის ანგარიშში მკაფიოდ ვკითხულობთ, რომ რუსეთის კურატორ კირიენკოს მზად აქვს ველი ანექსიის განსახორციელებლად. ჩვენ არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი პოზიცია დავაფიქსიროთ და ჩვენს მეგობრებს მივმართოთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ფორმატებში სიტყვით უნდა გამოსულიყო და მოეთხოვა შეხვედრა გაეროში, ეუთოში, ევროკავშირის ფორმატში, თუმცა, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ამას ხელისუფლება უხერხულობისა და შიშის გამო არ აკეთებს.

„დასავლელი პარტნიორები არათუ უარს არ ეტყოდნენ მათ ამ მხარდაჭერაზე, არამედ ხმამაღალ განცხადებებსაც გააკეთებდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად იმ იზოლაციის მიუხედავად, რომელიც მათ შორის მაკა ბოჭორიშვილს ხელით მიმდინარეობს. აქ არის ორი მომენტი - ერთი არის შიში. მათ იციან, რომ რეალური ანექსიის საფრთხე არსებობს, თუმცა არ იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. მეორე მხრივ, იმდენად არიან რუსეთის გავლენების ქვეშ ჩახლართულები, რომ წინააღმდეგობა, თუნდაც საჯარო განცხადებების დონეზე, მათთვის უხერხულობის შემქმნელია.

ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი პოლიტიკით კიდევ უფრო ხელს უწყობს რუსეთს ანექსიის გასაფორმებლად. ამ ვითარებაში ეს არის არა უპრეცედენტო სუვერენიტეტის მაჩვენებელი, არამედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირგამომთხრელი საქმიანობა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენდეს „ქართულ ოცნებაზე“ და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდეს, მათ შორის, აიძულებდეს მაგალითად, ე.წ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რაც ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაა.

„რუსეთი შერეულ ტაქტიკას იყენებს. თუ ოფიციალურ თბილისს აიძულებს ანექსიის შანტაჟით მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, მაშინ სხვა მოცემულობა დადგება. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა ანექსიაც განახორციელოს. ანექსიის გამოცხადება მას ერთ დღეში შეუძლია. ამისთვის ის შესაბამის დროს ელოდება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი განმარტებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება, თუ „ქართული ოცნება“ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას დათანხმდება, რისიც “ოცნებაში” ეშინიათ.

„ქართულ ოცნებას“ მყარი მდგომარეობა არ აქვს. ხალხის რეაქცია ძალიან მძაფრი იქნება. ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა რუსეთის შანტაჟის ქვეშაც კი ამ ხალხის განწყობების საწინააღმდეგო სვლას. ამიტომ, მათ ამ კუთხით სტაბილური მდგომარეობა არა აქვთ. წინააღმდეგობა გრძელდება მიუხედავად თავისი სირთულეებისა. თეა წულუკიანმა თავისი ე.წ. ღალატის კომისიაზე აღიარა რუსეთის მიერ ომის დაწყების ის სცენარი, რომელიც საქართველოზე ბრალის გადატანას უკავშირდებოდა. დღეს დიმიტრი მედვედევი საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთმა გაკვეთილი ვერ გამოიტანა 2008 წლიდან და რომ რუსეთმა მშვიდობის სახელით მოახდინა ჩვენი ორი ძირძველი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთს სხვადასხვა ტიპის “საშინაო დავალება” აქვს მზად და სცენარებიდან გამომდინარე, ამის გამოყენება შეუძლია. რაც „ქართულ ოცნებას“ შეეძლო და რის გამოც რუსეთი ომს არ დაიწყებდა, ეს იყო საპარლამენტო რეზოლუცია, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ასევე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ღია მოწოდება, რომ დაეგმოთ ე.წ. 9 მაისი ხელშეკრულება. მოსკოვი ცეცხლის ალშია გახვეული და რუსეთის ფედერაციაში სერიოზული გამოწვევებია უკრაინული დრონების მიზნობრივ თავდასხმებიდან გამომდინარე, როდესაც ის იცლის და ამას აკეთებს, ეს აჩვენებს, რომ მას ხელი არ აქვს აღებული მის “სსრკ-ის აღდგენის” პროექტზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება