შალვა კერესელიძე - ფულის აღებ-მიცემობამ უკვე თვითმმართველობებშიც შეაღწია - საზოგადოებას არ სჭირდება მხოლოდ პრობლემების აღმწერი აუდიტის სამსახური, სჭირდება გამოვლენილ დარღვევებზე რეალური რეაგირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ნათელი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს სახელმწიფოზე და ხალხზე, ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს. ასეთმა დამოკიდებულებამ, ქვეყანა სისტემური კორუფციის წინაშე დააყენა. შედეგად მივიღეთ დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუციები, კლანურ მმართველობად ქცეული სასამართლო სისტემა, პოლარიზებული საზოგადოება და სიდუხჭირის და გაჭირვების გამო დაცლილი საქართველო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გენერალური აუდიტორი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

კერესელიძის თქმით, დღეს საზოგადოებას არ სჭირდება მხოლოდ პრობლემების აღმწერი აუდიტის სამსახური, არამედ სჭირდება გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი და რეალური რეაგირება, პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრება და სამართლიანობის აღდგენა, რომელიც „დაასრულებს დაუსჯელობის პრაქტიკას”.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ფულის აღებ - მიცემობამ უკვე თვითმმართველობებშიც შეაღწია და დაიწყო დამკვიდრება.

ამის ნათელი დასტურია თქვენი უწყების მიერ ჩატარებული საქმიანობის აუდიტი, რის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიებში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები რაც გამოწვეულია უპასუხისმგებლობით, კორუფციული მიდგომებით სამსახურებრივი გულგრილობით, არაკომპეტენტურობით, და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით.

კერძოდ: ჩატარებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელიც მოითხოვს ძალიან მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას. მაგალითად: ხშირია შემთხვევები, როდესაც მიზანმიმართულად, უპასუხისმგებლობით თუ სამსახურებრივი გულგრილობის მიზეზით, მუნიციპალიტეტებმა ვერ ან არ შეძლეს დაენერგათ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომ მიეღოთ სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, თელავის მერიამ ჩაიბარა 17-მლნ. ლარის ღირებულების 22 ობიექტი, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და მოითხოვს დამატებით რეაბილიტაციას. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებმა არ დაადგინეს დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზიანის აღმოსაფხვრელად არ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები შემსრულებელი კომპანიებისა თუ საზედამხედველო ორგანიზაციის მიმართ. მსგავსი მაგალითების მოყვანა შესაძლებელია საქართველოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებში მაგალითად ბოლნისში, სადაც მერიამ არ გამოიყენა შესაბამისი საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებების შეწყვეტისას და მუნიციპალიტეტს პირგასამტეხლოს სახით დააკლო მინიმუმ, 386.2 ათასი ლარი.

ბატონო გიორგი, გეკითხებით თქვენ, როგორც გენერალურ აუდიტორს და როგორც ყოფილ გენპროკურორს, რა ჰქვია ასეთ კონკრეტულ ფაქტებს, თუ არა კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანური გავლენები. ასევე გეკითხებით, რატომ არ გადაუგზავნეთ მსგავსი კონკრეტული ფაქტები ანტიკორუფციულ სამსახურს და გენერალურ პროკურატურას?

არ დაჯარიმებების შემთხვევები, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად კორექტირებები, ავანსად გადახდილი თანხები, ხარვეზებით შესყიდული პროექტები და ხარჯთაღრიცხვებში არსებული დარღვევები, დაუსაბუთებლად სამუშაოების ჩაბარების ვადების გაზრდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ბიუჯეტში მობილიზების არ განხორციელება და მსგავსი სახის კონკრეტული ფაქტები გამოვლენილ იქნა ლენტეხის, გორის, ქობულეთის, ხობის და სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებში რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

განსაკუთრებით ყოვლად შემაშფოთებელი ფაქტებია გამოვლენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის ფაქტებზე, რა დროსაც ხელშეკრულების მოქმედების ვადები განსაზღვრულია ხანგრძლივად 50 წლით, ხოლო მიწის ქონების საიჯარო ფასი კი შემცირებულია მინიმალურ დონეზე. სახელმწიფოს მოიჯარე გავლენიანი პირები სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს გასცემენ ქვეიჯარით და ფართის მეექვსედის გაქირავებიდან იღებენ 4-ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე თავად უხდის მერიას მთლიან ჯამურ ფართის იჯარას. ალბათ დამეთანხმებით, რომ აქაც სავარაუდო კორუფციის მოტივით საიჯარო ფართის არასათანადო შეფასებასთან და კორუფციასთან გვაქვს საქმე.

აუდიტის შედეგად ფიქსირდება ასევე ისეთი ფაქტები, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. იჯარა გაფორმებული არ არის და მიწა დამუშავებულია ისე, რომ მოსარგებლესთან ხელშეკრულება ქონების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა. ან კიდევ მოიჯარე ხელშეკრულებების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობის საფასურს არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მერიას მის მიმართ ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია. ზემოთ ხსენებული დარღვევები გამოვლენილია ლენტეხის, ახმეტის, თელავის, გორის, ხობის, დუშეთის, და სხვა მუნიციპალიტეტებში. აღარაფერს ვამბობთ სამსახურების დუბლირებულ ფუნქციებზე, გაურკვეველ ფუნქცია-მოვალეობებზე, არაფრის მომცემ გაბერილ შტატებზე, ტყუილად შესანახ პარტაქტივზე, დატაცებულ საწვავზე და ა.შ.

ასეთი დარღვევების დროს, პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ უნდა თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან და უფრო მეტიც, პასუხისგებაშიც კი უნდა გადასცეს შესაბამისმა უწყებებმა თუმცა პასუხისგებაში გადაცემა კი არა ზოგიერთი მათგანი წინაურდება და ზოგს კიდევ მეორე და მესამე ვადით რთავენ ნებას, კვლავ გააგრძელონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძარცვა.

ბატონო გიორგი, ასეთი დარღვევების გამოვლენის შემთხვევების დროს, რა დროსაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, სამსახურებრივ გულგრილობასთან, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან, არაკომპეტენტურობასთან და ა.შ. რატომ არ აძლევთ მკაცრ შეფასებას და რეაგირებას და არ უგზავნით კონკრეტულ საქმეებს სუსის ანტიკორუფციულ სამსახურს, რომლის პირდაპირ მოვალეობაა სამოხელეო დანაშაულებზე რეაგირება. ან კიდევ გამოძიების დაწყების მიზნით, რატომ არ უგზავნით გენერალურ პროკურატურას? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არ გვსმენია ასეთ უხეშ დარღვევებზე ვინმე რომ დაესაჯოთ.

და ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახელმწიფოში, როდესაც ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება არაეფექტიანად, როდესაც მუნიციპალიტეტებში უხეშ დარღვევებთან გვაქვს საქმე, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა პრაქტიკულად არ დგება და არც თქვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ჯეროვნად არ სრულდება, ეს გახლავთ სწორედ სისტემური მმართველობითი ჩავარდნა და სისტემური კორუფცია.

დღეს საზოგადოებას არ სჭირდება მხოლოდ პრობლემების აღმწერი აუდიტის სამსახური, რომელიც ვერაფერ შედეგს ვერ აღწევს დღეს საზოგადოებას სჭირდება გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი და რეალური რეაგირება, პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრება და სამართლიანობის აღდგენა რომელიც დაასრულებს დაუსჯელობის პრაქტიკას”, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება