თენგიზ შარმანაშვილი - PACE-ს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული - არ ღირს ურთიერთობა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არ არის განწყობილი, რომ თავისი დასკვნები ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს

PACE-ს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული - იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი, რომ თავისი დასკვნები ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს, ურთიერთობა არ ღირს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც PACE-ს რეზოლუციას გამოეხმაურა.

შარმანაშვილის თქმით, რეზოლუციაში სიახლე არაფერია, რადგან ისინი ამას პირველად არ აკეთებენ.

„ეს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული - PACE-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია, რადგან ისინი ამას პირველად არ აკეთებენ. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ, უკვე კარგა ხანია, ამ ღონისძიებებში. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს თავისი დასკვნები, ურთიერთობა არ ღირს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა