„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნება“ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რაც ანექსიურ პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შეიძლება მოჰყვეს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააქტიურდეს, საერთაშორისო საზოგადოებას კი მივმართავთ, დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით

პარტია „გახარია საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტიდან მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მტკიცედ დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც „ცხინვალის რეგიონის ანექსიური პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შესაძლოა მოჰყვეს“.

„რუსეთის ფედერაცია ფორსირებულ რეჟიმში განაგრძობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ისტორიული მიწის-სამაჩაბლოს რუსეთის ფედერაციისთვის მიერთება სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე. სწორედ ამ პროცესის ნაწილია 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება", გაგლოევის პუტინის მრჩევლად, ხოლო საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში რუსი ჩინოსნის - მარატ კამბალოვის დანიშვნა.

სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ამ საგანგაშო პროცესების პარალელურად, ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დანაშაულებრივ დუმილს ინარჩუნებენ, რითაც ფაქტობრივად დაუფარავად აცხადებენ უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ანექსიური პროცესების დაგმობაზე და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაზე ანექსიური პროცესების შესაჩერებლად საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მიზნით.

ბოლო რამდენიმე დღეა „ოცნებამ“ იკადრა ისიც, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაედანაშაულებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების „არაღიარების პოლიტიკის“ მთავარი გარანტორები არიან. ასეთი პარტნიორების ერთ პოლიტიკურ განზომილებაში განხილვა რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც სამხედრო აგრესიით აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ათწლეულებია სჩადის კონვენციურ დანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და დღემდე აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას, გამოუსწორებლად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თაობების მიერ ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ სანდო პარტნიორობას.

„ოცნება“ მიზანმიმართული უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებით, საერთაშორისო ორგანიზაციების უგულებელყოფით, მეგობრებისა და პარტნიორების ლანძღვითა და ჩამოშორებით, საქართველოს ტოვებს პირისპირ, მარტო, დაუცველად რუსეთის ფედერაციასთან.

„ოცნება“ და მისი ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ცხინვალის რეგიონის ანექსიურ პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შესაძლოა მოჰყვეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააქტიურდეს, მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ დაინიცირებულ რეზოლუციას და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უზრუნველყოს საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტიდან მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მტკიცედ დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვაში”, - განაცხადა გიგა ფარულავამ ბრიფინგზე

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე