პროკურატურა - თაღლითური ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს სთავაზობდნენ, ჯამში 242 000 ლარი მიიღეს, თუმცა ვალდებულება არ შეასრულეს - ერთი პირი დაკავებულია, მეორემ კი ქვეყანა დატოვა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთ-ერთი ბრალდებული, ნდობის მოსაპოვებლად, მოქალაქეებს ფორმალურად უთანხმდებოდა სამუშაოების მოცულობასა და ხარჯებზე, ხოლო მეორე თანამონაწილე, ორგანიზაციის სახელით, მათთან ფიქციურ ხელშეკრულებებს აფორმებდა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, ჯამში, 242 000 ლარი მიისაკუთრეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თაღლითური ჯგუფის წევრები აქტიურად ეწეოდნენ თავიანთი იურიდიული პირების რეკლამირებას და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდნენ. კერძოდ, თაღლითობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ერთ-ერთი ბრალდებული, ნდობის მოსაპოვებლად, მოქალაქეებს ფორმალურად უთანხმდებოდა სამუშაოების მოცულობასა და ხარჯებზე, ხოლო მეორე თანამონაწილე, ორგანიზაციის სახელით, მათთან აფორმებდა ფიქციურ ხელშეკრულებებს. ამასთან, ბრალდებულები, ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ. აღნიშნული ხერხით, მათ მოქალაქეებისაგან ჯამში 242 000 ლარი მიიღეს და ეს თანხა სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულეს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული თანხის მოტყუებით მისაკუთრების შემდეგ მიიმალა და დატოვა ქვეყნის ფარგლები.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ივნისს დააკავეს, ხოლო მეორის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა