ლევან ბეჟაშვილი - 4 ოქტომბერზე ნიკა გვარამიას მანიპულაციური განცხადება „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და რატომ ასხამს, თავად უნდა უპასუხოს, „ნაცმოძრაობის“ ძველი წევრებისგან ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ეჭვიანობის საფუძველი კი არ არსებობს

“ქართულ ოცნებას” ელენე ხოშტარიას მიმართ შურისმაძიებლური დამოკიდებულება აქვს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს ის, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობა პროფესიონალმა ექიმებმა გამოიკვლიონ და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაშიც მოათავსონ.

“ჩვენ ვხედავთ “ქართული ოცნების” დამოკიდებულებას ელენე ხოშტარიას მიმართ და ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით შურისმაძიებლური არის იმიტომ, რომ ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა ხისტი, შეუპოვარი ბრძოლით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

საზოგადოებას ახსოვს უსამართლოდ აგორებული შავი პიარის კამპანიები, მისი დაჭერის მცდელობები და ბოლო-ბოლო, ვიცით, რაზე არის დაჭერილი ელენე ხოშტარია - საარჩევნო პლაკატის დაზიანებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ამ 14 წლის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მრავალი ძალადობა გვინახავს “ქართული ოცნების მხრიდან: “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაწვა, ტყვიების სროლა, ქვების სროლა, სხვადასხვა ტიპის ძალადობა და ა.შ. ვინ დააკავეს ამ დანაშაულზე?

საარჩევნო პლაკატის დაზიანების გამო ელენე ხოშტარიასთვის უსამართლოდ სასჯელის მისჯა იყო ამ შურისძიების ერთ-ერთი გამოხატულება და ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ამ შურისძიების გაგრძელებაა იმიტომ, რომ ადამიანს დაკავებამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მისი ჯანმრთელობა ახლა კიდევ უფრო დამძიმდა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინტერესი, რომ არ იყოს ეს ასეთი საკამათო საკითხი, დაუსვას სპეციალური, მრავალპროფილური კომისია, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს და მოხდება მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უპასუხა კითხვას “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოზიციის შესახებ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დამდგარ განაჩენს შეეხებოდა და რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დააფიქსირა. ბეჟაშვილის შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადება “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს.

“შევახსენებ ბატონ ნიკას, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები და მისი სულისჩამდგმელები დღეს აბსოლუტურად უკანონოდ, უსამართლოდ იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში, თითქმის ყველა დაიჭირეს და მა8ი სტატუსი პოლიტიკური პატიმრობის შესახებ აღიარებული არის ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ, ამიტომ ეს მანიპულაციები, ეს გაუგებარი განცხადებები და გაუგებარი მინიშნებები ცალკეულ სუბიექტებთან მიმართებაში მიუღებელი და გაუგებარია.

ამ განცხადებით მან, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა იმ ასი ათასობით ადამიანს, რომელიც პოლიტიკური მიკუთვნების გარეშე გამოვიდა გასაპროტესტებლად. ასეთი განცხადებები ისევ და ისევ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს და თუ რატომ ასხამს წყალს, მან ამ კითხვაზე თავად უნდა გასცეს პასუხი”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე განახლების პროცესს და ერთ-ერთ კითხვას, როგორ უყურებენ ვეტერანი “ნაციონალები” პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანისა და ახალი სახეების გამოჩენას, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს და პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანის შესვლა “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ წაადგება.

“ნაციონალური მოძრაობა” 14 წლის განმავლობაში არის უმძიმესი პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ. მათ შორის, ფინანსური რეპრესიების ქვეშ, მათ შორის, შიდა განხეთქილებები, რომელიც პროვოცირებული იყო და ამაზე ხშირად საუბრობდა მედია და ამის სხვადასხვა მტკიცებულებაც არსებობდა სხვადასხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებით და მიუხედავად ამისა, ვერ ჩაახშეს და ვერ ჩაკლეს “ნაციონალური მოძრაობა”. რადარებიდანაც აქრობდნენ და ეს იყო “ქართული ოცნების” სახელმწიფო დეკლარირებული პოლიტიკა, მინისტრები საუბრობდნენ, რადარებიდან უნდა გავაქროთ “ნაციონალური მოძრაობაო” მაგრამ დღეს, 14 წლის თავზე ბევრი მათგანი საპატიმრო დაწესებულებაში არის კორუფციის ბრალდებებით და “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აგრძელებს ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ბუნებრივია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირები კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ “ნაციონალური მოძრაობისგან” და ამით არის განპირობებული, რომ განახლების ახალი ტალღა უნდა განხორციელდეს. ნანუკა ჟორჟოლიანის წარდგენა და მისი შემოსვლა პარტიის მმართველობაში კიდევ დამატებითი განახლების რესურსს შემოიტანს პარტიაში.

მე ძალიან მომწონს, რომ ანალიტიკოსები, ექსპერტები და მედია ხშირად საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ეს ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი და ერთადერთი სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პარტია, რომელიც საქართველოში არსებობს.

პარტიის წევრებს არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ აქვთ. ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით ყოველთვის სიმპათიებს გამოხატავდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. იყო მისი მხრიდან კრიტიკაც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და იყო მიხეილ სააკაშვილის აქტიური გულშემატკივარიც. ბუნებრივია, მან იცის ის ვითარება, რომელიც არის დღეს ოპოზიციაში, იცის, რა სჭირდება ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას”, მას აქტიური კავშირები აქვს ახალგაზრდებთან, მედიასაშუალებებთან, ამიტომ მისი აქტიურობა, მისი ორგანიზაციის უნარი და ლიდერული თვისებები ჩვენს პარტიას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება და ეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არის.

14-წლიან პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” განახლების რამდენიმე ტალღა გაიარა. [შემოგვიერთდა] ნიკა მელია, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი… ბევრმა მათგანმა დატოვა პარტია, ბევრიც დარჩა, ეს განახლების პროცესი მუდმივი არის და ახლა სულ რამდენიმე “ძველი ნაციონალი” შეიძლება დავითვალოთ პარტიაში. აქ დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ კვლავ ღია ვიქნებით ყველა კეთილი ნების ადამიანის მიმართ, რომელსაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და ბუნებრივია, ამ ადამიანებს მივცემთ იმ ასპარეზს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება.

ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 8 ივლისს მოქმედ თავმჯდომარეს გასდის უფლებამოსილების ვადა, უნდა შეიკრიბოს პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭომ უნდა განსაზღვროს არჩევნების წესი, დაადგინოს არჩევნების თარიღი, დაარეგისტრიროს კანდიდატები და ეს პროცედურები ჩვენ ჯერ გასავლელი გვაქვს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე მოაზრებულია თავმჯდომარეობის კანდიდატად. როგორც ვიცი, ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც არ გამორიცხა თავისი კანდიდატობა, ანი წითლიძემ არც გამორიცხა და არც დაადასტურა, თემურ გრიგალაშვილმა, რომელიც ჩვენი ძველი თანამებრძოლია, ასევე გამოთქვა სურვილი, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

“ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პარტიაა, რომელიც პირდაპირი არჩევნების ირჩევს თავის თავმჯდომარეს. ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება უახლოესი ორი თვის განმავლობაში და “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აქტიური იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება