ირაკლი კობახიძე - 2025 წელს საშუალო ხელფასმა 2 283 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი 1191 ლარი იყო - 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, ესეც არის უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სოციალურ მდგომარეობაზე

გასული წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, „რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი“.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6% და შეადგინა, დაახლოებით, 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4%-მდე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.

„სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით.

„28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.

ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე