ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება და 2031 წლის ბოლოს დასრულდება

საავიაციო სექტორშიც გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720 000 ლარი.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. აქაც მადლობა ეკონომიკის სამინისტროს იმისათვის, რომ ძალიან ეფექტიანად წარიმართა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

ქუთაისის აეროპორტში დაინერგა საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა და მგზავრის გატარების დრო შემცირდა სამჯერ. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-იდან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავია მიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-იდან 125-მდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევის შედეგი, მათ შორის დაგვემატა პეკინის, შანხაის, ლონდონის, ჟენევის მიმართულებები, მთელი რიგი სხვა მიმართულებები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავია მიმართულებების დამატების მიზნით.

სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. რეისების რაოდენობა გაიზარდა 17.5%-ით. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლაში ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.

მისივე თქმით, მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა.

„აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე. ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 20 მლნ მგზავრს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა.

ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობის დაწყება იგეგმება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდევია 2028 წლის ბოლომდე. ახალი აეროპორტი გვექნება თელავში შიდა ავიამიმოსვლისთვის და გვექნება მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე