პრემიერი - კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის - რა თქმა უნდა, აქ ყველა გონივრული ზომა იგულისხმება!

კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის - რა თქმა უნდა, აქ ყველა გონივრული ზომა იგულისხმება! - როცა არის კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, ჩვენ აუცილებლად ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, აქვს დიდი იმედი იმის, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის ამოცანის საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან თავსებადობას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება.

„პირადად მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩავწერეთ. სხვათა შორის, მაშინ ოპოზიციამ არც 78-ე მუხლს დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების თავსებადობას კონსტიტუციის 78-ე მუხლთან: - 78-ე მუხლში წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, აქ ყველა გონივრული ზომა იგულისხმება. სამართალში ასევე კოლიზიის პრინციპი არსებობს. მინდა შეგახსენოთ, რომ კონსტიტუციის პირველი თავით გარანტირებულია სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი. თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, კოლიზიის პრინციპის თანახმად, უპირატესობა ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმას ენიჭება.

სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა იმ განცხადებით, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთდა.

ამ განცხადებას ძალიან პირდაპირი ეფექტი და შედეგი ჰქონდა - ეს განცხადება რომ არ ყოფილიყო, სამ თვეში ერთხელ მოგვიწევდა განცხადებების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მოლაპარაკებების გახსნას არ იმსახურებს, რაც მანამდე ორი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. ის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მომაბეზრებელი იყო - სამ თვეში ერთხელ ერთი და იგივე უსამართლობა! ეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტი და სამარცხვინო უსამართლობა ჩვენ ძალიან მარტივად ჩავკეტეთ!

ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა - ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საარჩევნო დევიზი - მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი! ღირსების გარეშე არც ერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას ფასი არა აქვს. ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად მიდგომას - სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა