ან მართლა რამე სასარგებლო გააკეთეთ ან მოსახლეობას ისეთ ტყუილებს ნუ აკადრებთ, დიდად მონდომებული ადამიანიც რომ ვერ დაიჯერებს - გაზრდილი დემოგრაფიული და ეკონომიკის სტატისტიკის შესახებ იმ რამდენიმე 20-25 ოჯახს ესაუბრეთ, ვის ჯიბეშიც ბიზნესიდან დოვლათს ლექავთ! გაჭირვებული მოქალაქეები ნუ შეგყავთ შეცდომაში, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ გააკეთა.
კერესელიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს.
კერესელიძემ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი დაასახელა, რაც, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პრემიერის ანგარიშსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის არსებულ რეალურ განსხვავებებს ასახავს.
„დემოგრაფიული კრიზისის პირობებში დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად არაფერი არ გაქვთ ნახსენები და ქვეყანაში მოსახლეობის მატებას მხოლოდ გაყალბებული სტატისტიკით გვიჩვენებთ. პარლამენტში თქვენს ანგარიშამდე 2-3 დღით ადრე საქსტატმა უცნაური სტატისტიკა გამოაქვეყნა - რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაც და ეთნიკური ქართველების რაოდენობაც გაზრდილია. რეალურად კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობა და ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება, რასაც ასევე ემატება გაზრდილი მიგრაცია. საინტერესოა რის და ვის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობა და ქართველების რაოდენობა? აგვიხსენით რას და როგორ ითვლის საქსტატი მას მერე, რაც პირდაპირ თქვენ დაიქვემდებარეთ.
თქვენი მოწოდებები ვერ იქნება დამაჯერებელი სანამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის საქართველოში, გექნებათ ისეთი სოფლები სადაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ აქვს. ეს საკითხი სახელმწიფოს პრობლემად რომ არ მიგაჩნიათ, ამის ნათელი დასტური თქვენი ანგარიშია, სადაც არაფერი ამ კუთხით ნახსენები არ გაქვთ. 20 მილიონი ლარით შეამცირეთ ეკომიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამაც და 35 ათას ლარს სთავაზობთ ეკომიგრანტებს. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ არათუ სახლის, ცარიელი მიწის და საცხოვრებელი ვაგონის შეძენასაც კი არ ყოფნის.
საინტერესოა, რატომ ხართ კმაყოფილი - მთის თუ ბარის სოფლები მოსახლეობისგან იცლება უმუშევრობის, უფულობის, უშუქობის, უტრანსპორტობის, სოციალური სიდუხჭირის და სხვა ყოფითი მიზეზების გამო. 200 სოფელი სრულად დაცლილია. ერთი მაგდენი კიდევ დაცლის პირას არის მისული. ბავშვების დაბადებაზე ამ სოფლებში ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვილ ბავშვების გამოკვება სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდა ოჯახებს სესხის ფასი უჯდებათ. თქვენ მათთვის შემოსავლის წყაროების გასაჩენად არაფერს აკეთებთ. რეალური სახელმწიფო პროგრამებიც არა გაქვთ წარმოების თუ ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად და თუ რამე არსებობს, ისეთი კრიტერიუმები გაქვთ - მთაში დარჩენილი ახალგაზრდა მას ვერ აკმაყოფილებს და სოფლად დარჩენის შესაძლებლობებს უკარგავს. სამაგიეროდ, ეს კრიტერიუმები კარგად ერგება მსხვილ ბიზნესებს საკუთარი გარემოცვიდან.
მუდამ გახსოვდეთ, რომ მთას არ სჭირდება დეკორაციები, მოჩვენებითობა და დავარცხნილი ყალბი დაპირებებით მიტანილი ამბავი. მთას სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მთის კაცისთვის მიცემული სიტყვის შესრულება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დემოგრაფიის მსგავსად შესანიშნავ ფორმაში ყოფილა სოფლის მეურნეობაც - თუმცა ფაქტობრივი რეალობა აქაც სხვაგვარად არის.
კერძოდ, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის ახლებურ პოლიტიკას წარმატებულად აფასებდე, მაშინ როდესაც ფერმერების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან სახელმწიფო პროგრამებით გამოყოფილი ასეულობით მილიონი ლარი ფერმერებამდე ვერ მიდიოდეს და ძირითადად დიდ ბიზნეს მიჰქონდეს. ადგილობრივი წარმოება კიდევ წინსვლის ნაცვლად უარესდება, რაც ფასების შემსწავლელ კომისიაზეც ცალსახად დადასტურდა.
ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ღვინის ბოთლი იმპორტით თუ არ შემოვიტანეთ ბოთლიც არ გვაქვს, საკუთარი ღვინო რომ ჩავასხათ. სიმართლე არის ის, რომ მევენახეობა-მეღვინეობა სპირტის ბიზნესად და კორუფციის წყაროდ გადააქციეთ. ვის გაუგია სახელმწიფო ყიდულობდეს ყურძენს, მისგან ამზადებდეს ღვინის სპირტს, შემდეგ გაჰქონდეს აუქციონზე და 20 ლარიან ყურძნის სპირტს მესამედ ფასში ყიდდეს. 400% ფასდაკლებას, რომ უკეთებთ პროდუქტს, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს ფულით არის შესყიდულიც, გადამუშავებულიც და დამზადებულიც რა პასუხი გაქვთ კორუფციის ასეთ ფაქტებზე? თქვენ არ ამბობდით ევროპაში N1 უნდა ვიყო კორუფციასთან ბრძოლაშიო? ვისია სპირტის ბიზნესი ეს მთელმა ქვეყანამ იცის. მილიარდერებით სპირტის ბიზნესი რატომ ფინანსდება იმ ქვეყნის ბიუჯეტით, სადაც ბავშვების შიმშილია პრობლემა და პენსიის 200 ლარით გაზრდაზე უარს გვეუბნებით - ფული არ გვაქვსო. არ დაგავიწყდეთ, რომ ვისი დანიშნულიც არ უნდა იყოთ პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და ვერავინ შეძლებს თავის არიდებას. როდესაც ძირითადი მიმართულებები გაქვთ ჩავარდნილი და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ ამოქაჩოთ და სწორი რეფორმები გაატაროთ, გასტრონომიულ სსიპ-ს ქმნით - სად არის აქ სახელმწიფოებრივი მიდგომა.
წყალმომარაგებაზე 2026 წლის ბიუჯეტში 500-მილიონი ლარია გამოყოფილი - 300-მილიონით ნაკლები, ვიდრე 2024 წელს. მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედს უსაფრთხო სასმელი წყალი არა აქვს. წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის გამო, ხაშურში 5 წელია მთელი ინფრასტრუქტურა დანგრეულია. იგივე სიტუაცია იყო მარტვილში. ყაზბეგის წყალმომარაგება 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის.
ქართველი კაცისთვის მიწა შეუცვლელ ღირებულებას წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები როდესაც ხან საძოვარს ართმევენ სოფელს, ხან სახნავ მიწას. მიწებს სტატუსს უცვლით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასაყიდად და ქართულ სოფლებს მიწის გარეშე ტოვებთ. ქართული მიწა არცერთი ხელისუფალის საკუთრება არ არის. ქართული მიწა სამარადჟამოდ ქართველი კაცის საკუთრებაა, რომელსაც თაობები იცავდნენ და უნდა დაიცვან. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ისეთ მოდელად აქციეთ, როდესაც ხალხის კუთვნილი სახელმწიფო სიკეთეები გასამდიდრებლად გადაეცემა “ოცნების“ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულ გავლენიან ადამიანებს, ხოლო სოციალური, ფინანსური, ეკოლოგიური და სხვა სახის ზიანი რჩება მოსახლეობას.
და ბოლოს, ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო მოწოდებით: თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა - გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5-10 ათასიანი ჯარიმებისგან და გაათავისუფლეთ დატყვევებული ახალგაზრდები. შეურიგდით საკუთარ ხალხს და ახალგაზრდებს. ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელსაც მთელი საზოგადოება - თქვენი მხარდამჭერებიც ელოდებიან თქვენგან“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
შალვა კერესელიძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.