იმას, რასაც გახარია, ალბათ მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება იტანდა და იტანს თავის პატრონებისგან, ვერცერთი ჩვენგანი, ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ეს ჩვენი საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი - კოლეგებმა, საკმაოდ მივუგეთ ის, რაც მათ ეკადრებათ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტურული ფრთაა, რომელიც პარლამენტში დესტრუქციისთვისაა მიგზავნილი.
„საზოგადოებას მინდა უმრავლესობის სახელით ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რაც აქ ნახეს, რამდენიმე წუთის წინ დარბაზში. არავისთვის არ არის ეს სასიამოვნო სანახავი, არავის ეხალისება და არ უხარია, პირველ რიგში, ჩვენ, რაც აქ, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
„ნაცმოძრაობის“ აგენტურული ფრთა გაიქცა, წავიდა. ჩემი წინა გამომსვლელი, ორი წუთის წინ რომ აქ იდგა [ვიკა ფილფანი] ერთ-ერთი მთავარი პროვოკაციის დროს, თვითონ წამოსცდა რომ აი, არ გეყოთ, ნერვებიო. ეს რას ნიშნავს? ის თვეები, რომლის განმავლობაშიც ისინი აქ დესტრუქციისთვის არიან მოვლენილი და ჩვეულებრივად შემოგზავნილები, მათ ერთს ვეტყოდი, რომ იმას, რასაც გახარია ალბათ მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება იტანდა და იტანს თავის პატრონებისგან, იმას ვერცერთი ჩვენგანი, ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ეს ჩვენი საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი. ნამდვილად გაიგებენ ამ ყველაფერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღირსებაზე და ქართველობაზე გვაქვს საუბარი. კიდევ ერთხელ, დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ამათ კიდევ მოვუბრუნდები.
ეს დანაყოფი, იმ აგენტურული ოპოზიციის, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენე, ორიოდე სიტყვა უნდა მიმეძღვნა. კოლეგებმა, საკმაოდ მივუგეთ ის, რაც მათ ეკადრებათ. ისინი არ სხედან დარბაზში, გაიპარნენ და გაიქცნენ, რაც მათთვის და მათი ლიდერისთვის არახალია. მათი რიგებიდან აქ მსხდომი ბევრი, ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად, რაც ორივე ერთმანეთზე უარესი უბედურებაა, ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ იმართებიან გარე ძალებიდან, მაგრამ ამას აცნობიერებს ჩვენი, ქართველი საზოგადოება, რომელმაც ამ დესტრუქციას, ამ აგენტურას, ამ უსამშობლობას ბევრჯერ გასცა პასუხი ღირსეულად, იქ, სადაც საჭიროა“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშზე. კირცხალიას შეფასებით, პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.
მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი, რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. კირცხალიას თქმით, ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
მისივე თქმით, დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის - საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება.
“ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეგიონში ომია, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა რყევას განიცდის, საერთაშორისო ურთიერთობებში გაძლიერებულია დაპირისპირება, ზეწოლა, ორმაგი სტანდარტები და მცირე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის მცდელობები. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის არა ვინმეს პოლიტიკური ექსპერიმენტების ნაწილი გახდეს, არამედ დაიცვას საკუთარი ხალხი, საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი მომავალი. დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის - საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ: ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არის იმ სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც დღეს, ხელისუფლება თანმიმდევრულად აგრძელებს. სწორედ მისი პოლიტიკური ხედვის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული ინტერესების სწორად გააზრების შედეგად, საქართველომ არ დაუშვა ის საფრთხე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეეძლო კატასტროფულ რეალობამდე მიეყვანა. მშვიდობა არ არის სლოგანი. მშვიდობა არის ყოველდღიური პოლიტიკური გადაწყვეტილება. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის წინაშე, რომელსაც სურს შვილი უსაფრთხო ქვეყანაში გაზარდოს. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა სტუდენტის, მასწავლებლის, ჯარისკაცის, ექიმის, პენსიონერის, ბიზნესის წინაშე. მშვიდობა არის წინაპირობა ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.
ზოგიერთს სურდა და დღესაც სურს, რომ საქართველო ჩართული ყოფილიყო იმ სცენარებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობას დააკარგვინებდა. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია არა ავანტიურა, არამედ გონიერება; არა ემოციური რადიკალიზმი, არამედ სახელმწიფოებრივი სიბრძნე; არა სხვისი ინტერესების მომსახურება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. დიახ, ჩვენ ევროპული მომავლის ერთგული ვართ. საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური და პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს საკუთარი ღირსების დათმობას. ევროპული არჩევანი არ ნიშნავს, რომ საქართველომ უსიტყვოდ უნდა მიიღოს ევროპული ბიუროკრატიის ნებისმიერი უსამართლო მიდგომა, ორმაგი სტანდარტი ან პოლიტიკური ზეწოლა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილი საქართველოს მიმართ არ მოქმედებს იმ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპებით, რომელზეც თავად ევროპული იდეა უნდა იდგეს. როდესაც ქვეყანას სთხოვენ ერთგულებას, მაგრამ არ აძლევენ სამართლიან შეფასებას; როდესაც ხალხის ევროპულ მისწრაფებას იყენებენ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად; როდესაც რეალური რეფორმები და შედეგები ზოგჯერ იჩრდილება პოლიტიკური კონიუნქტურით; ამაზე ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს და იმოქმედოს ღიად, ღირსეულად და პრინციპულად. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.