ვიკა ფილფანი - ირაკლი ხელაძეს ბრძანება მიუვიდა, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას - იქვე გაჩნდნენ გენო პეტრიაშვილი და ტალახაძე, რომლებმაც პირველად იპოვეს თავისი ფუნქცია პარლამენტში - რამდენიმე დეპუტატი ქალებზე იწევდა

როდესაც სრულდებოდა სესია, დარბაზშიც იგრძნობოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა ვერ შეძლეს ირაკლი კობახიძის უსუსურობის გადაფარვა, ამიტომ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს, რომელსაც 9 თვის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ აქვს ხმა ამოღებული, ბრძანება მიუვიდა, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რომელშიც სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

როგორც ფილფანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ცდილობდნენ სიტყვით დაეცვათ ირაკლი კობახიძე და „სიტყვით გადაეფარათ ის უსუსურობა, რასაც ირაკლი კობახიძე ავლენდა“.

ირაკლი კობახიძემ ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ანგარიშიც არ ყოფილა ანგარიში, რადგან ეს იყო პიარული დოკუმენტი, რომელიც არ ასახავდა საქართველოს რეალობას. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ცდილობდნენ სიტყვით დაეცვათ ირაკლი კობახიძე და სიტყვით გადაეფარათ ის უსუსურობა, რასაც ირაკლი კობახიძე ავლენდა. თუმცა, ბოლოს, როდესაც სრულდებოდა სესია, დარბაზშიც იგრძნობოდა, რომ ვერ შეძლეს ირაკლი კობახიძის უსუსურობის გადაფარვა, ამიტომ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს, რომელსაც 9 თვის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ აქვს ხმა ამოღებული, ბრძანება მიუვიდა, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას. მან დაუძახა გიგა ფარულავას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგამ თავი დაიცვა და ვაჟკაცური პასუხი გასცა, ამის შემდეგ ირაკლი ხელაძემ დაარტყა. ხელაძეს უკნიდან გადასძახა ირაკლი კირცხალიამ, იგრძნობოდა ფუსფუსი, მოლაპარაკება ჰქონდათ და ამას ამზადებდნენ.

რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდნენ გენო პეტრიაშვილი და ტალახაძე, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში პირველად იპოვეს თავისი ფუნქცია პარლამენტში და პირველად დაამტკიცეს, რომ მათი შეყვანა ტყუილად არ მომხდარა. ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 50 კაცთან ერთად ერთ კაცს ურტყამს, ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

ამ დროს ვახსენებდი ტალახაძეს და ვეუბნებოდი, რომ „თქვენ ხართ ოლიმპიური ჩემპიონი, ხართ სპორტსმენი და ამ ყველაფერში არ ჩაერიოთ“. გულწრფელად, რომ გითხრათ, ამ სიბინძურისთვის ლაშა ტალახაძე დაგვენანა. ის სპეცოპერაცია, რაც დღეს ვნახეთ პარლამენტში, არის იმის გამოძახილი, რომ ირაკლი კობახიძე იყო ძალიან სუსტი და დაჩაგრული. ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი იჯდა და კმაყოფილი ბავშვის სახით შესციცინებდა ამ პროცესს“, - განაცხადა ფილფანმა.

ფილფანის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით გააღიზიანა მისი უმოქმედობის შეხსენებამ ოკუპაციის საკითხზე და ასევე კრიტიკამ სახელმწიფო ბიუჯეტის მართვასთან დაკავშირებით.

„გეტყვით, რამ გააღიზიანა ირაკლი კობახიძე. განსაკუთრებით, გააღიზიანა ოკუპაციის თემაზე მისი უმოქმედობის შეხსენებამ და ის, რომ ჩვენ შევახსენეთ, ბიუჯეტში ყოველთვის პოულობენ მოსაპარ ფულს, მაგრამ ვერასდროს ვერ იპოვეს ქართველი ხალხისთვის. ესენი არიან თვითმარქვია კანონმდებლები, რომლებიც თითქოს ძალადობას ებრძვიან. მე შევახსენებ მათ, რომ მზია ამაღლობელი მოიქცა ღირსეულად, როდესაც სილა გააწნა თვითმარქვია პოლიციელს და დღეს გიგა ფარულავა ვაჟკაცურად მოიქცა. გიგა ფარულავა ძალიან კარგად არის. რადგან ის ვაჟკაცია, საკმაოდ ძლიერი ბიჭია.

რამდენიმე დეპუტატი ქალებზე იწევდა და მანდატური აკავებდა. ასეთმა კაცებმა როგორ შეიძლება ქვეყანაში რამე კარგი შექმნან. მაგალითად ასეთი იყო სპორტსმენი, ზუკა რურუა, რომელიც ქალებისკენაც იწევდა“, - განაცხადა ფილფანმა.

ფილფანის თქმით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „მოძალადე პრემიერის იარლიყი საბოლოოდ მიეკერა“.

„ეს არის ირაკლი კობახიძის განაჩენი, რადგან საბოლოოდ მიეკერა მას მოძალადე პრემიერის იარლიყი. ამდენი ხანი ითმინეს და ქმნიდნენ ბუტაფორიას, თითქოს ძალადობას ებრძოდნენ, დღეს საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ძალადობის წამხალისებლები არიან“, - განაცხადა ფილფანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება