მოსკოვში აცნობიერებენ, რომ საქართველო გეოგრაფიული ცენტრია კავკასიის, აქედან გამომდინარე საქართველოს ვინც აკონტროლებს, ის აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას. აქედან გამომდინარე კრემლი აკეთებს იმას, რომ საქართველოზე გავლენები შეინარჩუნოს და ასეთი გავლენები მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებით შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ლოგიკური ჯაჭვი უნდა შევადგინოთ, თუ რა ნაბიჯი გადადგა რუსეთმა 2024 წლის შემდეგ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
2024 წლის ზაფხულში რუსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გააქტიურებული იყო. ეს საკითხი ორი მოვლენით იყო განპირობებული - ყარაბაღის შემდეგ კრემლში დამარცხდა ის დაჯგუფება, რომელმაც კრემლი აიძულა, რომ სომხეთისთვის მხარი არ დაეჭირა. მეორე არის ის, რომ რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში შემცირდა, შესაბამისად თურქეთის გავლენები გაიზარდა.
ეს საკითხი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოზე. მოსკოვში აცნობიერებენ, რომ საქართველო გეოგრაფიული ცენტრია კავკასიის, აქედან გამომდინარე საქართველოს ვინც აკონტროლებს, ის აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას. აქედან გამომდინარე კრემლი აკეთებს იმას, რომ საქართველოზე გავლენები შეინარჩუნოს, და ასეთი გავლენები მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებით შეიძლება ჰქონდეს.
საჭიროა, რომ საქართველომ რბილი ძალის სისტემა აამუშაოს. ჩვენს წინააღმდეგ რბილ ძალას იყენებენ, ჩვენ კი არასდროს ვიყენებთ, იმ რესურსებს, რომელიც გვაქვს, რბილი ძალა შეიცავს ჯანდაცვას, ეკონომიკურ კავშირებს, სოციალურ ქსელს“, - განაცხადა არეშიძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებს ბევრად მეტი მნიშვნელობა მიეცა, ვიდრე ეს ადრე იყო, თუმცა მისი განცხადებითვე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერთების პროცესი დაიწყოს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ გაერთიანებისკენ წავიდეს საქმე, მაგრამ ამის დაბალი შანსია, დღეს საგარეო პოლიტიკა დსთ-ს მასშტაბით რამდენსამე ადამიანის ხელში გადავიდა.
ბევრად მეტი მნიშვნელობა მიეცა ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვიდრე მანამდე იყო. სერიოზული კურატორები ჰყავს [ოკუპირებულ ტერიტორიებს].
კამბოლოვი უჭკუო კაცი არ არის. დარწმუნებული ვარ ცემა-ტყეპით ჩამოიყვანეს და პრემიერად დასვეს. მისი მიზანი ტრანშების დაცვა იქნება, რომელსაც რუსებიც და ოსებიც იპარავდნენ. კრიმინალური ფონის გაუვნებლება და კონფიდენციალური დავალებების შესრულება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.