საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდებენ

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი ერთობლივი განცხადება პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილმა ფილარმონიასთან გააკეთეს.

„დღეს, აქ ვდგავართ არა მხოლოდ, როგორც სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც გვჯერა სიმართლის, ღირსებისა და თავისუფლების. ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ციხეში არიან. მათ წაართვეს თავისუფლება, მაგრამ ვერ წაართვეს ღირსება, სიმართლე და რწმენა, რომ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამ რთულ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას. თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხატული სოლიდარობა, თითოეული აქციაზე მოსული ადამიანი გვაძლიერებს. როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოება არ ივიწყებს პატიმრებს, არ ტოვებს მათ მარტო და მათ გვერდით დგას, ეს გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ბრძოლა. სოლიდარობა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. სოლიდარობა არის მოქმედება. ეს არის ერთმანეთის გვერდით დგომა მაშინ, როდესაც ამისთვის გამბედაობაა საჭირო. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ გაერთიანებული საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უსამართლობა. მივმართავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს ახლობლებს, ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტპატიმარს. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენი ოჯახები, მეგობრები და ათასობით მოქალაქე თქვენზე ფიქრობს და თქვენს თავისუფლებას ელოდება. ჩვენ ვამაყობთ თქვენი სიმტკიცით და გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თავისუფლებას ერთად შევხვდებით. თქვენი ბრძოლა არ არის მხოლოდ პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებსაც: არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო უსამართლობის წინაშე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ცვლილებებს ყოველთვის ადამიანები ქმნიან, ისინი, ვინც არ ეგუებიან უსამართლობას, ვინც ხმას იღებენ და მოქმედებენ.

არ იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ხმა არაფერს ცვლის. ზუსტად ბევრი ერთი ადამიანის ხმა ქმნის საზოგადოებრივ ძალას. ზუსტად ამ ძალით იბადება ცვლილება. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, არ დავიღალოთ, არ გავჩუმდეთ და არ შევეგუოთ უსამართლობას. ერთმანეთი გავაძლიეროთ, შევინარჩუნოთ სოლიდარობა და ერთად ვიდგეთ თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების დასაცავად.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით დგას. გელოდებით დღეს, მარშზე, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე, რომელიც სწორედ რეჟიმის ტყვეებს ეძღვნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, - ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილის ერთობლივ განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები