საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტსა და კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, პროფესიული განვითარების, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკული მომზადებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის მიმართულებით. შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარი მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს მოითხოვს, რაც აკადემიური სექტორისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას განაპირობებს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობასა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება თემატური სემინარების, ტრენინგების, საჯარო ლექციების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ დარგში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს.

„თანამედროვე ეკონომიკა სულ უფრო მეტად საჭიროებს როგორც მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, ისე პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ პროფესიონალებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე ინდუსტრიულ პროცესებსა და დარგში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს. მემორანდუმი ქმნის ფართო შესაძლებლობებს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის და ასევე მოიცავს პროფესიული განათლების კომპონენტსაც. დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, არამედ გამოყენებითი კვლევების გაძლიერებას, ინოვაციური იდეების წარმოჩენას და კვლევების შედეგების დანერგვას ეკონომიკურ საქმიანობაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნის ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების პროცესის აქტიურ მონაწილედ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მათ მისცემს არა მხოლოდ ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე დაეუფლონ პროფესიას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა