გრიგოლ გეგელია - ამ რეჟიმის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად - როცა ბოჭორიშვილი საუბრობს შეკავშირების პოლიტიკაზე, ეს „ქოცური“ სტილის უნიჭო ტრაგიკომედიაა

ამ რეჟიმის და მაკა ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად - ამ „ქოცური“ ე. წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, მეგობრების მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა, ეს არის „ქოცური“ ანტი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა ქართველს უჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართველი ხალხი მოიშორებს ანტისხეულს სახელად „ქართული ოცნება“.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს“. ამას ამბობს ივანიშვილის საგარეო მინისტრი, ვისმა ხელისუფლებამაც მიზანმიმართულად მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი; რის გამოც საქართველომ უკვე დაკარგა ეკონომიკური განვითარების შვიდი სრული წელი; რის გამოც საქართველო არ არის კონტინენტების დამაკავშირებელი კარიბჭე; რის გამოც საქართველოს სულ მალე გვერდს აუვლის ალტერნატიული ტრანზიტული გზა, და რის გამოც საქართველო არ არის ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის კორიდორის ნაწილი.

აი, ეს არის „ქოცური“ საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი! ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია, საქართველოს წინააღმდეგ და რუსული ინტერესის სასარგებლოდ! ჩვენ გვახსოვს რეჟიმის ლიდერების ათზე მეტი განცხადება, რომ იწყება პორტის მშენებლობა, მაგრამ რეალობა მოწმობს, რომ არ გაკეთებულა არაფერი! ამ რეჟიმის და ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად. როდესაც იგივე ბოჭორიშვილი საუბრობს შეკავშირების პოლიტიკაზე, ეს არის „ქოცური“ სტილის უნიჭო ტრაგიკომედია.

შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართველი ხალხი მოიშორებს ანტისხეულს სახელად „ქართული ოცნება“. ამ პოლიტიკის პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის დაუყოვნებლივ აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით, და მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პროაქტიული ჩართულობით პორტის მშენებლობის საერთო კავკასიურ საქმეში. თუმცა დუბროვნიკის კლოუნადა ამით არ სრულდება. ბოჭორიშვილი აგრეთვე ამბობს, რომ „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე“. არა, მაკა, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმთან კარიერისტული მიწებების მაგიერ მეტი რომ გემეცადინა, გეცოდინებოდა, რომ საქართველო მულტივექტორული პოლიტიკის ყველაზე ცუდი და მაჩანჩალა მაგალითია და თქვენ ბრძანდებით ამ მაჩანჩალა მაგალითის „სახელოვანი“ სახე.

რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც „ქოცური“ რეჟიმის ყველა ე.წ. პარტნიორი საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას გაეროში? რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საგარეო ინვესტიცია? რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა? მე გეტყვით რას ნიშნავს ნამდვილად წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა: გეოპოლიტიკურ სასწაულს სახელად ერევანი, რომელიც ეწევა ეროვნულ ინტერესსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებულ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას, იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, სტუმრად იღებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ლიდერებს და ამავე დროს სამეზობლოში ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. აი, ეს არის მულტივექტორული პოლიტიკის გამოხატულება, განსხვავებით „ქოცური“ ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკისგან, რომელმაც ვერც მულტი და ვერც ვექტორი ვერ შექმნა, ვერც ახალი პარტნიორები ვერ შექმნა, ძველი და ისტორიული სტრატეგიული პარტნიორობები კი ხელაღებით მოსპო. ამ „ქოცური“ ე. წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, ღარიბი ერის უარესად გაღარიბება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის რადიკალური შემცირება, მეგობრების მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა, ეს არის „ქოცური“ ანტი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა ქართველს უჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ერი ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს მავნებელი ანტიქართული რეჟიმი მშვიდობიანად, დემოკრატიულად ჩანაცვლდეს ქართული ეროვნული ხელისუფლებით, რომელიც გაატარებს მართლაც პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის და პოლიტიკური წინსვლის საწინდარი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა