ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის „პოზიტიური დინამიკა განიხილეს“ და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების, საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში არსებული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის, ასევე „შუა დერეფნის" მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას”, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე - ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოებასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის, პოზიცია.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე მსურს აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი.

საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში", - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში