ნუგზარ წიკლაური - დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ - ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს

ნეტარ არიან მორწმუნენი, იმედი ბოლოს კვდება, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური პარტია „ჯერ საქართველოს“ ლიდერების განცხადებას „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის შესაძლებლობაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ დააკვირდნენ პარტია „ჯერ საქართველოსთვის“ რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხთან მიმართებით.

„ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს დიდი ხანია ცდილობს მთელი ევროპული საზოგადოება, რომ არ იყოს ასეთი ველური ფორმებით გამოხატული, მათი მხრიდან არ იყოს თავდასხმები ოპოზიციაზე, მუშტი-კრივისა და ადამიანების ციხეში დაჭერის პოლიტიკა არ იყოს. დღეს ერთი ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, ასევე დაიჭირეს ზვიად კუპრავა, გუშინ და გუშინ წინ კი კიდევ სხვა ადამიანები დაიჭირეს - როდესაც ასეთი ვითარებაა, ნეტარ არიან მორწმუნენი, იმედი ბოლოს კვდება, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჯერჯერობით ამის პირი არ ჩანს.

თუმცა „ჯერ საქართველოს“ აქვს ძალიან სპეციფიკური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ბიოგრაფია. ბატონი ვიქტორი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, ის იურიდიული ფირმით ეხმარებოდა, მომსახურებას უწევდა ამ ადამიანს, და არ ვიცი რა ადამიანური კონტაქტები და შესაძლებლობები აქვს, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. ალბათ, რაღაც დღეები დასჭირდება იმას, რომ დავაკვირდეთ ეს ახალი პოლიტიკური პარტია რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური გადაცემაში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით: „მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“ - მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს”“.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხაბეიშვილის განცხადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე ახალი დაპირისპირების გამოძახილი.

„შედი-გადი არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების ლექსიკა. იმ ალიანსში მყოფ პარტიათაგან არავის უთქვამს, არც შედი, არც გადი, ამიტომ ეს განცხადებაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე ახალი დაპირისპირების გამოძახილი. მე მესმის მისი ტონალობა, თითქოს აკრიტიკებს იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ „შევიდეთ, გამოვიდეთ“ და ბრძოლის სხვა ხერხებისკენ მოუწოდებს. ეს არის მათი საქმე, მე წარმატებას ვუსურვებ ყველა საქმეში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო