შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე - ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია

გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე - იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პეტერ ფიშერმა მოახერხა და სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია.

„ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჰქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მისი ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი. არაერთხელ გვითქვამს, რამხელა მადლიერებაა ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართულ სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე. ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won't Stand Down“ („უკან არ დავიხევთ").

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო